სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხობს პატიმრის განცხადებას, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა.
პენიტენციური ირწმუნება, რომ №6 დაწესებულებულებაში თანამშრომლების მხრიდან პატიმრის მიმართ ადგილი არ ჰქონია სექსუალურ ძალადობას.
“ეს არის სრული სიცრუე და ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება” – წერს პენიტენციური გავრცელებულ განცხადებაში
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას.
“ეს არის სრული სიცრუე და ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა, იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ უწყების თითოეული თანამშრომლის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობა ან ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა დაუშვებელია და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, თუმცა, როგორც მსჯავრდებულის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ვიდეომასალა დათვალიერებულია როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
