2026 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსით (Global Innovation Index-GII), რომელიც 139 ქვეყნის ეკონომიკას მოიცავს, საქართველო 57 ადგილზეა. ეს მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (WIPO) მე-19 გამოცემაა, სახელწოდებით „ტექნოლოგიური მეწარმეობის მხარდაჭერა მეცნიერების ზღვარზე,“ რაც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ინდექსი სამეცნიერო აღმოჩენების ცოდნაზე დაფუძნებულ სტარტაპებად და სპინ-ოფებად გადაქცევის პროცესს აანალიზებს. 2007 წლიდან GII ინოვაციური მაჩვენებლების შესაფასებლად, ინოვაციური პოლიტიკის გასაუმჯობესებლად და მათი ეფექტურობის გასაზრდელად საცნობარო ინსტრუმენტია. გაეროს გენერალური ასამბლეა მდგრადი განვითარების მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პოლიტიკის კონტექსტში GII-ს ინოვაციების გასაზომად ავტორიტეტულ საორიენტაციო ინსტრუმენტად აღიარებს.
წლევანდელი GII-ის რეიტინგი 80 ინდიკატორს ეფუძნება, რომლებიც ინოვაციების პოტენციალს, მაჩვენებლებსა და ჩარჩო-პირობებს მოიცავს. გაანალიზებული ინდიკატორები ინფორმაციის ფართო სპექტრს ეხება, კანონმდებლობიდან, მეცნიერებიდან და განათლებიდან დაწყებული ბაზრის განვითარებით, ბიზნესითა და ინფრასტრუქტურით დამთავრებული.
GII-ის მთავარი მიზანია ქვეყნების ინოვაციური მექანიზმების ეფექტურობის შეფასებაა.
კერძოდ, 2026 წლის GII-ის რეიტინგი ინოვაციური ინდიკატორების შვიდი ჯგუფისგან შედგება, რომლებიც ორ ქვეინდექსში შედიან, როგორიც არის „ინოვაციური რესურსები“ და „ინოვაციური შედეგები“.
„ინოვაციური რესურსების“ ქვეინდექსი აფასებს ეროვნული ეკონომიკის იმ ელემენტებს, სადაც ინოვაციური პროცესი მიმდინარეობს და რომლებიც ხუთ ჯგუფად იყოფა. ეს არის: ინსტიტუტები; ადამიანური კაპიტალი და კვლევა; ინფრასტრუქტურა; ბაზრის განვითარებულობა და ბიზნესის განვითარებულობა.
„ინოვაციური შედეგების“ ქვეინდექსი ასახავს ინოვაციური აქტივობების ფაქტობრივ შედეგებს, რომლებიც, თავის მხრივ, ორ ჯგუფად იყოფა. ეს არის ცოდნისა და ტექნოლოგიების შედეგები და შემოქმედებითი შედეგები.
ამდენად, თუ „ინოვაციური რესურსების“ ქვეინდექსი ინოვაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს დონეს ასახავს, „ინოვაციური შედეგების“ ქვეინდექსი ამ სფეროში მიღწევებს აფიქსირებს. რაც უფრო მაღალია ეს ქვეინდექსი, მით უფრო სრულად და ეფექტურად გამოიყენება ინოვაციური შესაძლებლობები.
ამ მხრივ საქართველო 32.2 ქულით 57-ე ადგილზეა და რეგიონის ქვეყნებიდან ერთი საფეხურით რუსეთს (31.8 ქულა და 58-ე ადგილი), ხოლო ორი პოზიციით სომხეთს (31.6) უსწრებს, რომელიც 59-ე ადგილზეა. ასევე, გაცილებით უკანაა აზერბაიჯანი, რომლესაც 25.8 ქულით 85-ე ადგილი უკავია. რეგიონის სამეზობლში საქართველოს ინვოაციების ინდექსით მხოლოდ თურქეთი უსწრებს: ქვეყანა 37.5 ქულით 45-ე ადგილზეა.
2026 წლის GII-ის რეიტინგის ლიდერი შვეიცარიაა (66.7 ქულა), შემდეგ შვედეთი (63.2), აშშ (62.3), სამხრეთ კორეა (61.4) და სინგაპური (61.0) მოდიან. ათ ყველაზე ინოვაციურ ქვეყანას შორის, ასევე, გაერთიანებული სამეფო (59.6), ნიდერლანდები (58.4), ფინეთი (57.9), დანია (57.7) და ჩინეთია (57.0).
პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საუკეთესო შედეგები ესტონეთს (მე-17 ადგილი), ლიეტუვას (32-ე ადგილი) და ლატვიას (მე-40 ადგილი) აქვთ.
