სად და რა ფასად ვყიდულობთ შოკოლადს, რომელიც შესაძლოა, გაძვირდეს
წლევანდელ ზამთარს, მსოფლიოში შესაძლოა, შოკოლადი მნიშვნელოვნად გაძვირდეს. ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში ბაზირებულ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მედიაქსელ Science X-ში შემავალ ვებგვერდ Phys.org-ზე წერია.
კონკრეტულად კი, სტატიაში საუბარია იმის შესახებ, რომ კაკაოს ხეები ამინდის პირობების მიმართ მგრძნობიარეა. გვალვები მოსავლიანობას ამცირებს, ხოლო ძლიერი წვიმა დამტვერვას ხელს უშლის და სოკოვანი დაავადებების რისკს ზრდის. მიმდინარე ელ-ნინიომ კაკაოს მწარმოებელ რეგიონებში შესაძლოა, ამინდის არასტაბილურობა გაზარდოს. ცუდმა მოსავალმა 2024 წელს ფასების მკვეთრი ზრდა უკვე გამოიწვია. თუ კაკაოს ფასები კვლავ გაიზრდება, მწარმოებლებმა შესაძლოა, მისი წილი შეამცირონ ან ძვირი ინგრედიენტები, როგორიც, მაგალითად, კაკაოს კარაქია, უფრო იაფი ალტერნატივებით შეცვლაონ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში, ქვეყანამ 12 655 ტონა შოკოლადი იყიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 136.7 მლნ დოლარი იყო.
მონაცემები დიდად არ შეცვლილა გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, რომლის მიხედვითაც საქართველოში 125 მილიონი დოლარის 12 109 ტონა შოკოლადი შემოვიდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, წელს 1 კილოგრამი ტკბილეულის ფასი 10.80 დოლარია, მაშინ, როცა შარშან ის 10.33 დოლარი ღირდა.
„ბინესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-5 იმპორტიორ ქვეყანას, რომლისგანაც საქართველომ წელს შოკოლადი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიძინა:
რუსეთი – 18.1 მლნ დოლარის 4 420 ტონა;
უკრაინა – 17.2 მლნ დოლარის 2 979 ტონა;
პოლონეთი – 6 მლნ დოლარის 469 ტონა;
თურქეთი – 4.9 მლნ დოლარის 1 060 ტონა;
სომხეთი – 4.8 მლნ დოლარის 742 ტონა.
