ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, ქალაქის გაცნობა კი ქუჩიდან იწყება. თბილისის სისუფთავე ანარეკლია ჩვენი ქვეყნისთვის – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.
“ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს ბევრი რამ აქვს თავმოსაწონი. ეს არის ქალაქი, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთს ხვდება. თბილისი ქართული კულტურისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის ანარეკლია. შესაბამისად, ამ ქალაქის მოვლა-პატრონობა უდიდესი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ამასთან, თბილისი თანამედროვე ქალაქია, რომელიც იზრდება და ვითარდება. გვემატება ახალი უბნები, ახალი სივრცეები, იზრდება მოსახლეობის რიცხვი, ყოველწლიურად იმატებს ტურისტების რაოდენობა. სწორედ ამიტომ, ქალაქის განვითარებასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი მოვლა და სისუფთავის ხარისხის უზრუნველყოფა. იმისთვის, რომ თბილისი სუფთა ქალაქის მოთხოვნებს პასუხობდეს, აუცილებელია, ვითარდებოდეს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი. […] სუფთა და მოწესრიგებული ქალაქი იმ კულტურის გაგრძელებაა, რომელიც ყოველთვის ჰქონდა თბილისს და თბილისელებს. ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, ქალაქის გაცნობა კი ქუჩიდან იწყება. თბილისის სისუფთავე ანარეკლია ჩვენი ყოველდღიურობის, იმ გარემოსი, რომელშიც ვქმნით მომავალს ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. […] სუფთა, მოწესრიგებული, მოვლილი გარემო თბილისის კულტურის ნაწილია, რის შესანარჩუნებლადაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში“, – თქვა კალაძემ და თბილსერვის ჯგუფის განახლებული ავტოპარკი წარადგინა.
