საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დღეს, 24 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს, ერგნეთსა და დიცს ეწვია, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და უშუალოდ გაეცნო მათ პრობლემებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელ დიცის მაცხოვრებლებმა სახალხო დამცველთან საუბარში განაცხადეს, რომ სოფელში არ არის ქსელური მაღაზია, რის გამოც პროდუქტების შეძენა საბაზრო ფასზე გაცილებით ძვირად უწევთ; ასევე არ არის აფთიაქი, მოსაწყობია შიდა გზები, პრობლემურია სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგების საკითხი, ხარვეზებით მუშაობს ინტერნეტი.
“რეაბილიტაციას საჭიროებს სოფლის საბავშვო ბაღიც. შენობაში ნესტია, მოსაწესრიგებელია ეზო და საკანალიზაციო სისტემა; ბაღს წყალი და ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება, რის გამოც ხშირად ფერხდება სააღმზრდელო პროცესი.
ერგნეთის მოსახლეობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის მოუწესრიგებლობას ასახელებს. ორივე სოფელში გამოწვევად რჩება მოსავლის ჩაბარების საკითხი. მოსახლეობის თქმით, პროდუქციას შეუსაბამოდ დაბალ ფასად იბარებენ და ხშირ შემთხვევაში მოსავლის აღებასთან დაკავშირებული ხარჯი მის ჩაბარებაში მიღებულ თანხას აღემატება. სახალხო დამცველმა ერგნეთში ახლად რეაბილიტირებული სტადიონიც მოინახულა, რომლის განახლების საკითხსაც სახალხო დამცველი ადვოკატირებდა.
ლევან იოსელიანი რეგულარულად ხვდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, ეცნობა მათ პრობლემებსა და გამოწვევებს და აღნიშნულ საკითხებზე პროაქტიულ რეჟიმში რეაგირებს.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობისა და მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევების საკითხს ცალკე თავი ეთმობა სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშშიც”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
