დედები, მამები, ბებიები, ბაბუები, ოჯახი წევრები, მეზობლები და სრულიად უცხო ადამიანები ამ წუთებში ქვემო ფონიჭალაში ახლობელი ადამიანების ნანგრევებიდან გამოყვანას ელოდებიან – ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ აფეთქების დროს ნანგრევებში მოჰყვნენ ბავშვებიც.
“ჩემი შვილი და შვილიშვილია ნანგრევებში მოყოლილი – ბავშვი 6 წლისაა” – ამბობს ქალი.
ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური იყო – ხალხმა კორპუსიდან მოშორებით დისტანციაზე გაყვანა გააპროტესტა. მოქალაქეების თქმით, შორი მანძილიდან ვერ ადევნებენ თვალს, გამოჰყავს თუ არა მაშველებს მათი ახლობლები ნანგრევებიდან.
შსს-მ ხალხი ადგილიდან იმიტომ განარიდა, რომ არსებული ინფორმაციით 5 სართულიან შენობას ბზარები დაემატა და კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს.
ადგილზე მივიდა თბილისის მერი კახა კალაძეც. “უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა – “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 3 პირი გამოიყვანეს. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები.
პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.
