შალვა პაპუაშვილის შემდეგ, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განცხადებები “ქართული ოცნების” წევრებმაც გააკეთეს – დღეს ლევან მაჭავარიანი ტელეკამერების წინ ამტკიცებდა, რომ საპროტესტო აქციაზე “მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი”.
“ქართული ოცნების” წევრმა პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად პროტესტში ჩართულ მონაწილეებს “ემოციურად დაზიანებულები” უწოდა და ირწმუნებოდა, რომ მათ “გარე ძალები იყენებენ”.
“რთულია, რომ ბატონ პაპუაშვილს არ დავეთანხმო. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უკიდურესად არასასიამოვნოდ განვითარდა და მართლა რაღაც სექტად არის ჩამოყალიბებული. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სატანისტური რიტუალი ვიხილეთ, მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი. რაღაც საშინელება, სამარცხვინო. იმედს გამოვთქვამთ, რომ ემოციურად დაზიანებული ადამიანები ამ მდგომარეობიდან გამოვლენ და მიხვდებიან, რომ მათ გარე ძალები იყენებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო პრესაში რაღაც ჰედლაინები ჰქონდეთ, თითქოს, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. როდესაც ადამიანი რუსთაველზე გაივლი, დაინახავ რომ 20-25 ადამიანი დგას. სამწუხაროდ, უცხო ძალებს ასე აყენებინებენ საკუთარ თავს და მართლა ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ყველაფერს ისინი გააცნობიერებენ,” – განაცხადა მაჭავარიანმა.
შალვა პაპუაშვილმა პროტესტის მონაწილეებს “აგრესიული თემი და ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტა” უწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ პოსტში ირწმუნება, რომ “ამ ფსევდორელიგიური სექტის დოგმატიკაში ევროკავშირი „აღთქმული მიწაა“, 78-ე მუხლი – მრწამსი, რეზოლუციები – მცნებები, უცხოელი პოლიტიკოსი კი უმაღლესი ქურუმი”.
