რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია – ფაქტობრივად, პროტესტის ეს ჯგუფი ჩვენს თვალწინ ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა თავისი ყველა დამახასიათებელი ნიშნით, სიმბოლიკით, რიტუალებით, ქურუმებითა და წინამძღვრებით, თავისი მსხვერპლებითა და მოწამეებით! ეს ჯგუფი აგრესიულ ფუნდამენტალისტურ სექტად ჩამოყალიბდა, მას ასე უნდა შევხედოთ და აქედან გამოვიტანოთ დასკვნები, – ეს განცხადება ლუქსემბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, მის მიერ გამოქვეყნებულ “ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, “ამ კონკრეტულ ჯგუფს თავისი დღეთაღრიცხვა აქვს, დღეს მათთვის სიმბოლური – 666-ე დღეა და სურდა, ამ ღირსშესანიშნავ თარიღს გამოხმაურებოდა“.
პაპუაშვილის განცხადებით, “ე.წ. უწყვეტი პროტესტის ჯგუფი შინაარსისგან დაიცალა, დაკავებულია საკუთარი თავის გამართლებით და მათი ყველა აქტივობა მიმართულია იმისკენ, რომ თავს დააჯერონ, რომ არსებობენ“.
“რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია. აღარავის აღარ სჯერა, რომ 2024-2025 წლებში მშვიდობიანი აქციები იყო. აღარავის აღარ სჯერა, რომ ისინი ვინც ძალადობისთვის არიან დაკავებული, ძალადობა ჩადენილი არა აქვთ. აღარავის აღარ სჯერა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო. სხვათა შორის, ამის თვითონაც აღარ სჯერათ – ოპოზიციის წარმომადგენლებში სულ უფრო ხშირია განცხადებები იმის შესახებ, რომ როდესაც პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, მათი საქციელი არასწორი იყო. დღეს უკვე სექტად ჩამოყალიბებული ჯგუფის რევოლუციური პროპაგანდა მთლიანად დამარცხდა და საკუთარი თავის დამშვიდებით არიან დაკავებული.
ფაქტობრივად, ჩვენს თვალწინ პროტესტის ეს ჯგუფი ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა თავის ყველა დამახასიათებელი ნიშნებით, სიმბოლიკით რიტუალებით, რომელსაც ისინი ასრულებენ, თავისი ქურუმებითა და წინამძღვრებით, თავისი მსხვერპლებითა და მოწამეებით. ყველაფრით ხდება რელიგიისადმი გარკვეული მიბაძვა და არის ფსევდო რელიგიური წარმონაქმნი. ამავე დროს, გამომდინარე იქიდან, რომ არის აგრესიული და ძალადობრივი, ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტაა, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ამბობს იმასაც, რომ “სექტა რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ და ამიტომ გაურბის დიალოგს და დოგმებით მოქმედებს“.
“სექტის განსაკუთრებული მახასიათებელია, რომ ის რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ, რომელიც მისი სამყაროს წარმოდგენაში არ ჯდება. ამიტომ ის ნებისმიერ დიალოგს გაურბის და დოგმებით მოქმედებს.
დღეს ევროკავშირი დოგმის დონეზე ჰყავთ აყვანილი და გამოცხადებული ჰყავთ აღქმულ ქვეყნად, რომელზეც რაიმე კრიტიკულის თქმა არ შეიძლება. ამის მაგალითი გიორგი გველესიანის შემთხვევაა, როდესაც ვინმე რაიმეს არა თუ კრიტიკულს იტყვის, არამედ კითხვას დასვამს. გველესიანმა თავის ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, ევროკავშირთან დაკავშირებით რა არის უპირატესობები და რა – პრობლემური, აი ამას მთელი ის კრუნჩხვები მოჰყვა, რომელიც ამ სექტის წარმომადგენლებმა დაიმართა, რადგან რაღაც მათ სალოცავს ეხები, რომელზეც არ შეიძლება რომ კითხვებიც კი დაისვას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული მოვლენაა. რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რომ ეს ჯგუფი ფუნდამენტალისტურ სექტად ჩამოყალიბდა და ასეც უნდა შევხედოთ, აქედან გამოვიტანოთ ჩვენი დასკვნები.
გახსოვთ, 2024 წლის ნოემბერში, როდესაც ეს ჯგუფი ძალადობრივ აქციებზე გადაერთო, ჩვენ დისკუსიას ვთავაზობდით. იყო პრემიერ-მინისტრის შეთავაზება – 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი და მე მზად ვიყავით საჯაროდ ტელევიზიით დისკუსიაში დავმსხდარიყავით. თინა ხიდაშელმა და კიდევ ერთმა წარმომადგენელმა დისკუსიაში მონაწილეობის შესახებ განაცხადეს და ფაქტობრივად, სტუდიიდან გამოიყვანეს ეს ადამიანები, რათა არანაირი დისკუსია არ ყოფილიყო, რადგან სექტას დისკუსიის ეშინია, რადგან სექტა მოქმედებს არა საღი განსჯიდან გამოტანილი დასკვნებით, არამედ დოგმებით. დოგმის სისუსტე კი იმაშია, რომ როდესაც დისკუსია დოგმაზე იმართება, შესაძლოა ეს დოგმა გაბათილდეს.
ამიტომ ამ ჯგუფში ყველა ნიშანია იმისა, რომ არის ფუნდამენტალისტური აგრესიული სექტა. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს მათგან ის აგრესიული გამოვლინებები, რიტუალები, რომელსაც ატარებენ, სლოგანები, შეძახილები, გინებები – ეს ყველაფერი მათი ლიტურგიის ნაწილია, რომელთაც ეს სექტა არის დაკავებული. არ უნდა გვიკვირდეს, რომ მათთვის დისკუსია და დებატები მიუღებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
