ორ კვირაში ლუქსემბურგში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ჩვენ, ისევე როგორც ბელგიის პარლამენტში, ასევე აქ ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუციები უნდა დაუბრუინდნენ დიალოგის გზას.
„ევროკავშირი თავისი არსით კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და როცა დღეს კონფრონტაცია არის ზოგიერთებისთვის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპი, ეს უკვე თავისთავად ანტიევროპულია. ამიტომ, იმედი გვაქვს, როგორც ლუქსემბურგის, ისე ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლები ამ მხრივ იმუშავებენ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის გზას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს გულშემატკივრობს პროცესს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მეტად გააგონონ საკუთარი ხმა ალიანსის ბიუროკრატიას.
„ჩვენ ზოგადად ვაკვირდებით პროცესს, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად სწუხან და ცდილობენ, მათი ხმა მეტად იქნას გაგონილი ბრიუსელში. ამისკენ არის სწორედ მიმართული იმ რეფორმებისკენ მოწოდებები, რომლებიც სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება, ვინაიდან რაღაც მომენტში გარედანაც კარგად ჩანს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიამ ძალაუფლების დიდი ნაწილი თავის თავზე აიღო ისე, რომ მისი წევრი ქვეყნების ხმა იმდენად აღარ ისმის. ამიტომ, ვფიქრობ, ამ პროცესის ნაწილიც არის, რომ დღეს წევრმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა გააგონონ ბრიუსელს. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი თავის ლოგიკურ განვითარებას ჰპოვებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
