ირაკლი ღარიბაშვილის წერილებში გაჟღერებული ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს – ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრი ბერდია სიჭინავა საუბრობს. ამასთან, მისი შეფასებით, ყოფილი პრემიერის გზავნილები სახელმწიფო ინტერესებზე ნაკლებად არის ორიენტირებული და უფრო იმ ჯგუფთან პირად დაპირისპირებას ასახავს, რომელმაც, სიჭინავას თქმით, ღარიბაშვილი ხელისუფლებიდან „მოისროლა“.
დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ნებისმიერი სახით, საჯაროდ გამოქვეყნდება, მასმედიაში გავრცელდება თუ წერილობით იქნება დაფიქსირებული, რა თქმა უნდა, მყისიერად არის გამოძიების დაწყების საფუძველი. მაგრამ ღარიბაშვილის წერილები და მისი ეპისტოლეები წერილიდან წერილამდე ხდება უინტერესო. ადამიანი “მე, მე, მე, ჩემი, ჩემი,…” ამაზე საუბრობს და არა სახელმწიფოზე და სახელმწიფო ინტერესებზე და მიზანზე კონკრეტულ შემთხვევაში რატომ აკეთებს ამას. ამიტომ ეს ყველაფერი ადამიანს უჩენს განცდას, რომ ამის მიზანია იმ კონკრეტულ ჯგუფთან დაპირისპირება, რომელმაც ის მოისროლა სახელიწუფლებო გუნდიდან, – ამბობს ბერდია სიჭინავა.
პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერმა, გუშინ ციხიდან სკანდალურ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მმართველ გუნდს აკრიტიკებს და “ოცნებას” ქვეყნის „უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში“ შეყვანაში ადანაშაულებს.
„თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ…“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკურად განეიტრალების პროცესში ის სამჯერ „გადააგდეს“.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც წაყენებული ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 იანვარს აცნობეს, რომ „პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში“.
ღარიბაშვილი არ ახსენებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს – ვისთან თანხმდებოდა ის სამართლებრივი დეტალები, რომელიც პროკურატურის განსახილველი და სასამართლოს დასამტკიცებელია.
