ჩვენთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით – მშობლები ფიქრობენ, ხომ არ აქვს ამ ვირუსს მოგვიანებითი გართულებები ან ხომ არ იქნება დაკავშირებული სპეციფიკურ მონიტორინგთან. ამაზე პასუხი არის – არა! მკურნალობა ისე მიმდინარეობდა, როგორც ამ ტიპის ვირუსს სჭირდებოდა, საპანიკო და საგანგაშო არაფერი გვქონდა“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, ნოროვირუსის მქონე არცერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გართულებულა.
„ჩვენთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით. საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა ჰქონდათ, მათგან ნაწილი გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტიდან გაეწერა, ნაწილი – სტაციონარულ განყოფილებაში მკურნალობდა. არცერთ მათგანთან არ გართულებულა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნოროვირუსული ერთ-ერთი ყველაზე იოლად გადაცემად ვირუსს ეკუთვნის: ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მატება. როდესაც ასეთი ვირუსული დიარეა გვაქვს, იმის თქმა, არის თუ არა ეს კონკრეტული ვირუსით გამოწვეული, რთულია. არცერთ კლინიკას არ აქვს ვალდებულება გამოიკვლიოს, რომელი ვირუსი დგას მის უკან. ექიმმა მხოლოდ უნდა განსაზღვროს, დიარეა ვირუსულია თუ ბაქტერიული. ეს არის მკურნალობის განმსაზღვრელი. ამ შემთხვევაში, მკაფიოდ იყო ნაჩვენები ვირუსული დიარეა.
იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში იყო, ბავშვებთან მიმართებაში განისაზღვრა, რა ტიპის ვირუსი იყო და პასუხიც მივიღეთ. მშობლები ფიქრობენ, ხომ არ აქვს ამ ვირუსს მოგვიანებითი გართულებები ან ხომ არ იქნება დაკავშირებული სპეციფიკურ მონიტორინგთან. ამაზე პასუხი არის – არა! მკურნალობა ისე მიმდინარეობდა, როგორც ამ ტიპის ვირუსს სჭირდებოდა, საპანიკო და საგანგაშო არაფერი გვქონდა. ამჟამად მხოლოდ 1 ბავშვი დარჩა, ვინც მკურნალობს და ხვალ გაეწერება“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
