სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება ხელოვნურად გაართულა და მათი მასობრივი პასპორტიზაცია დაბლოკა, მმართველ გუნდში პასუხობენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ყოფილი პრეზიდენტის ბრალდებებს უარყოფენ და მის მიერ მომზადებულ ინიციატივას აკრიტიკებენ.
არჩილ გორდულაძე ზურაბიშვილის მაშინდელ საკანონმდებლო ინიციატივას „ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს“ უწოდებს. მისი თქმით, კანონპროექტში უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტები გათვალისწინებული არ იყო და მოქმედი კანონმდებლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დაბადებული პირებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სპეციალურ წესს ისედაც განსაზღვრავს.
მახსოვს, რა იყო სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა. მან წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც კრიტიკას უბრალოდ ვერ უძლებდა, ეს იყო ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტებიც კი არ იყო გათვალისწინებული მაშინ, როდესაც ორგანულ კნაონს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ თუ ჩავხედავთ, დღესაც 30 და 31 პრიმა მუხლები სპეციალურ წესს განსაზღვრავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ადამიანებისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, – ამბობს არჩილ გორდულაძე.
ირაკლი ჭეიშვილი ზურაბიშვილის განცხადებას „ტყუილს“ უწოდებს და ამბობს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მას ინიციატივების განხორციელებაში ხელს არავინ უშლიდა. ჭეიშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება აფხაზებისა და ოსების მიმართ სამშვიდობო პოლიტიკას ატარებს.
თუ რამე უნდოდა სალომე ზურაბიშვილს, მაშინ იყო ჩვენი პრეზიდენტი, “ქართული ოცნების” კანდიდატი იყო და რამე თუ უნდოდა, მაშინ გაეკეთებინა, არავინ არაფერს ბლოკავდა. ტყუილი. მატყუარაა. ჩვენ გვაქვს სამშვიდობო პოლიტიკა აფხაზებთან და ოსებთან მიმართებით, ისინი არიან ჩვენი ძმები და როგორი რიტორიკა აქვთ “ნაციონალურ მოძრაობას”, სალომე ზურაბიშვილს და ქვეყნის მსგავს რადიკალურ მტრებს კარგად ხედავთ, პირიქით, არის კონფლიქტზე ორიენტირებული ორგანიზაციები, რომლებიც სამშვიდობო პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან ჩვენს ძმებთან მიმართებაში, – ამბობს ირაკლი ჭეიშვილი.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook live-ში ისაუბრა, თუ როგორ დაბლოკა “ოცნებამ“ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების მასობრივი პასპორტიზაცია, მაშინ, როცა ისინი ვერც რუსული და ვერც თავიანთი საბუთებით ვეღარ სარგებლობდნენ.
ამასთან, ზურაბიშვილმა გაიხსენა, როგორ შექმნა მმართველმა გუნდმა ხელოვნური ბარიერები, რომ უფრო მეტ ადამიანს ქართული პასპორტი არ ჰქონოდა.
