ანტალიის პროვინციის მანავგათის რაიონში საქართველოს მოქალაქე,47 წლის აკიფ მავლანოვი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცი წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურ საქმეებში ეხმარებოდა.
შემთხვევა მანავგათის კარაბიუქის უბანში მოხდა. 112-ის გადაუდებელი დახმარების ცენტრში შეტყობინების მიღების შემდეგ ადგილზე ბეშქონაქის ჟანდარმერიის განყოფილებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მივიდნენ.
მავლანოვი სახლში მარტო ცხოვრობდა. სამედიცინო ჯგუფმა ის ზურგზე მწოლიარე, უძრავ მდგომარეობაში იპოვა და მისი გარდაცვალება დაადასტურა. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ჟანდარმერიის კრიმინალისტები, სასამართლო ექიმი და პროკურორი.
მამაკაცის ცხედარი შემდგომი ექსპერტიზისთვის ანტალიის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში გადაასვენეს. ამ ეტაპზე მისი გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება და საბოლოო პასუხი ექსპერტიზის შემდეგ უნდა დადგინდეს.
თურქეთში 20 წელი ცხოვრობდა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აკიფ მავლანოვი კარაბიუქის უბანში დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
ის ადგილობრივებსა ადამიანებს ყოველდღიურ საქმეებში ეხმარებოდა და სწორედ ამ გზით ირჩენდა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს თურქეთში ახლო ნათესავები არ ჰყავდა და საცხოვრებლისა და საკვების საჭიროებებში მას მეზობლები ეხმარებოდნენ.
