„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ ადამიანის იმიჯს კორუფციის ფაქტები აზიანებს და არა ვინმეს სურვილი, მისი რეპუტაცია შელახოს. ქადაგიშვილის თქმით, ღარიბაშვილს არსებულ მდგომარეობაში „ნებისმიერი განცხადების გაკეთება შეუძლია“, თუმცა, მისი შეფასებით, „ფაქტები სხვა არის“.
თუ არის კორუფცია, ეს კორუფცია ლახავს ამ იმიჯს და არა პარტია. ანუ კორუფცია ლახავს ადამიანის იმიჯს და არა ის, რომ ვიღაცას უნდა შენი იმიჯის შელახვა. არ იქნებოდა კორუფციული ფაქტები, არანაირი იმიჯის შელახვის მოცემულობა არ დადგებოდა.
ადამიანი როცა ასეთ მდგომარეობაშია, მას, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი განცხადების გაკეთება შეუძლია, მაგრამ ვიმეორებ – ფაქტები სხვა არის, – ამბობს ქადაგიშვილი.
პატიმრობაში მყოფმა ექს-პრემიერმა, გუშინ ციხიდან სკანდალურ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მმართველ გუნდს აკრიტიკებს და “ოცნებას” ქვეყნის „უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში“ შეყვანაში ადანაშაულებს.
„თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ…“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკურად განეიტრალების პროცესში ის სამჯერ „გადააგდეს“.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც წაყენებული ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 იანვარს აცნობეს, რომ „პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში“.
ღარიბაშვილი არ ახსენებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს – ვისთან თანხმდებოდა ის სამართლებრივი დეტალები, რომელიც პროკურატურის განსახილველი და სასამართლოს დასამტკიცებელია.
