დადასტურებულია, რომ აღნიშნული გახშირებული შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით – ამის შესახებ NCDC-მ განაცხადა ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციაზე.
“საზოგადოების გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოგიდგენთ მიმდინარე განახლებულ ინფორმაციას თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების თაობაზე.
ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ აღნიშნული გახშირებული შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.
ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც აღენიშნათ ეს ვირუსი ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, უკვე გამოჯანმრთელდნენ და დატოვეს სამედიცინო დაწესებულებები. შემთხვევები მიმდინარეობდა რაიმე გართულებების გარეშე. მეთვალყურეობა გრძელდება და რაიმე გართულების რისკი კვლავაც არ იკვეთება.
დაავადების შემდგომი გავრცელების შეკავების მიზნით რეკომენდებულია ყურადღება მიექცეს ხელის ჰიგიენას – განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. ეს რეკომენდაცია ეძლევა განსაკუთრებით მათ, ვისი ოჯახის წევრებს ან კონტაქტში მყოფ პირებს ჰქონდათ აღნიშნული დაავადება.
ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა – მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება – მხოლოდ ექიმის დანიშნულებით” – წერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ მთავარს თბილისის რამდენიმე საჯარო საბავშვო ბაღის მშობლებმა ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ აცნობეს. როგორც ისინი გვიყვებოდნენ, გვიან ღამით საავადმყოფოებში მოზარდები პირღებინებითა და მუცლის ტკივილით შეიყვანეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ბაღი დღეს დილიდან დაიკეტა. მშობლების ინფორმაციით, მოწამლულია 20-ზე მეტი ბავშვი. რაც შეეხება ბაღებს, საიდანაც ბავშვები სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს, როგორც მშობლები ამბობენ, მათ შორისაა, თბილისის 109-ე, 124 -ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე, 22-ე, 59-ე საბავშვო ბაღები. მთავარის ინფორმაციით, ბავშვები მარნეულის და წყალტუბოს საბავშვო ბაღებშიც მოიწამლნენ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადება გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა – უწყებამ ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება”.
