ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რუსეთის მხრიდან რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის საფრთხეზე საუბრობს პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ბერდია სიჭინავას განცხადებით, კრემლმა პირველად წარადგინა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად რუსეთში დაბადებული და რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო სტრუქტურებთან ხანგრძლივი კარიერით დაკავშირებული მარატ კამბოლოვი. პარტიაში მიმდინარე პროცესებს 9 მაისს მოსკოვსა და დე ფაქტო ცხინვალს შორის გაფორმებულ შეთანხმებას უკავშირებენ და ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებისკენ მოუწოდებენ.
სიჭინავა ამავე კონტექსტში საუბრობს ჩორჩანას საქმეზეც და აცხადებს, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი საოკუპაციო რეჟიმის პოზიციებს აძლიერებს.
დღეს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ტარდება დე ფაქტო საპრეზიდენტო ე.წ. არჩევნები, სადაც კრემლის მიერ პირველად, საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებულია არაადგილობრივი, რუსეთის ფედერაციაში დაბადებული პირი – მარატ კამბალოვი, რომლის მთელი კარიერა რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო სტრუქტურებს უკავშირდება. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში ტარდება, 2026 წლის 9 მაისს, რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო ცხინვალს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ფონზე, რომლის საბოლოო მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია და მისი ჩრდილოეთ ოსეთისთვის მიერთებაა. ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე პროცესებთან დაკავშირებით „ოცნების“ ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივად დუმილსა და უმოქმედობას, ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდის პოლიტიკას, დასავლელი პარტნიორებისგან ქვეყნის იზოლაციისა და საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან[‘[ პირისპირ დატოვების პროცესს. სიმბოლურია, რომ დღეს ასევე ტარდება სასამართლო პროცესი ჩორჩანას საქმეზე, სადაც „ოცნების“ ხელისუფლება ასამართლებს საკუთარი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს – გიორგი გახარიას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის იდენტური პრეტენზიებით და მათ აძლევს იურიდიულ საფუძვლებს არა მხოლოდ საპოლიციო საგუშაგოს ასაღებად, არამედ მთლიანად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანას მისატაცებლად, რომელიც გიორგი გახარიამ 2019 წელს ოკუპაციას გადაარჩინა. მარატ კამბალოვის საარჩევნო რიტორიკაში დიდი ადგილი უჭირავს ჩორჩანას საკითხს, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები განიხილავენ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ტერიტორიად და ადგილობრივ წრეებში პოზიტიურ მოლოდინებს აჩენენ ტერიტორიის ე.წ. „რესპუბლიკაში დაბრუნებასთან“ დაკავშირებით. ოკუპანტები ელიან ძალის გამოუყენებლობის ე.წ. შეთანხმებას, რითაც რუსეთს სურს შენიღბოს საკუთარი როლი როგორც აგრესორის, კონფლიქტის მონაწილედ გამოაცხადოს მარიონეტული რეჟიმები, საქართველო – აგრესორად და შემდგომ ოფიციალურმა თბილისმა დაიწყოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განგრძობითად და ურყევად მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ოცნების“ ხელისუფლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებისთვის, რათა მკაფიოდ, საერთაშორისო დონეზე დაიგმოს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესი და საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლის ფონზე შევძლოთ ანექსიური პროცესის შეჩერება, – განაცხადა სიჭინავამ.
