იმდენად ნათელი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დანაშაული, რომ სასამართლოს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არც დასჭირვებია… – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
“კიდევ ერთხელ ნამახვანზე: თურქულ „ენკასა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ელექტროენერგიის ტარიფისა და წლიური გამომუშავების მიხედვით, თურქულ კომპანიას ჩადებული 800 მილიონი დოლარი 15 წელიწადში უნდა ამოეღო მშენებლობის დაწყების დღიდან, თუ ყველაფერი კარგად წავიდოდა. ნამახვანის გამომუშავება წელიწადში 1.5 მილიარდი კილოვატსაათი უნდა ყოფილიყო, ხოლო დენის ტარიფი-6,2 ცენტი ერთ კილოვატსაათზე. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ (რასაც ჰორმუზის კრიზისიც დაემატა), მსოფლიო ფასების ზრდის გამო ნამახვანჰესის მშენებლობა დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი დაჯდებოდა, შესაბამისად, ინვესტიციების უკუგების პერიოდი უფრო გაიზრდებოდა-დაახლოებით 18 წლამდე. ინვესტიციების სრულად ამოღების შემდეგ, კომპანიის მიერ 450 მილიონი დოლარის ოდენობის წმინდა მოგების დაგროვებას დაახლოებით 7 წელიწადი დასჭირდებოდა.
რა სურათია დღეს? ის სარგებელი, რაც თურქულ კომპანიას 25 წელიწადში უნდა მიეღო, პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით 25 წუთში მიიღო. იმდენად ნათელი იყო „ოცნების“ ხელისუფლების დანაშაული, რომ სასამართლოს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არც დასჭირვებია.
ვინ დარჩა მოგებული? თურქული კომპანია „ენკა“. შემთხვევით გამოვიდა ასე თუ რაღაც ეტაპზე ვიღაცებმა მოვლენების განვითარების ეს გზა აირჩიეს, ეს გამოძიების საგანია-ეს აზრი შეიძლება შეთქმულების თეორიის კატეგორიასაც მივაკუთვნოთ და კარგად დაგეგმილ დანაშაულსაც.
ვინ დარჩა კიდევ მოგებული? რა თქმა უნდა, რუსეთი. ნამახვანის პროექტის ჩაშლამ ჯაჭვური რეაქციის სახით გამოიწვია სხვა პროექტების გაჩერება (ხუდონი, ნენსკრა და სხვა). ქვეყანა დარჩა მარეგულირებელი სიმძლავრეების გარეშე და არ ჩანს არავითარი პერსპექტივა, რომ უახლოეს ათ წელიწადში რომელიმე მსგავსი დატვირთვის ჰესი აშენდეს. თუ რას ნიშნავს ენგურზე წუთიერი შეფერხება, ეს სულ ახლახან გამოვცადეთ. ენგურს კი რუსები აკონტროლებენ-საქმარისია გალში ღილაკზე ხელის ერთი დაჭერა და თუ რა მოხდება, ძნელი მისახვედრი არ არის.
ვინ მონაწილეობდა საპროტესტო აქციების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში?
-პრორუსი, კორუმპირებული „ოცნების“ ხელისუფლება;
-პრორუსი სამღვდელოება;
-სავარაუდოდ, რუსეთის აგენტურა;
– „მწვანე იდეებით“ შეპყრობილი, გულწრფელი პროტესტანტები და მსგავსი საკითხების გააქტიურებით პირადი ინტერესების მატარებელი პირები (გრანტები, საზოგადოებრივი თუ საექსპერტო ცნობადობა და ა.შ.);
-ეკოლოგიური პრობლემებით გულწრფელად შეწუხებული ადამიანები (ხშირად ხეს რომ ხედავენ და ტყეს ვერ ამჩნევენ). ეს ადამიანები იმდენად არიან კონცენტრირებული ცალკეულ საკითხებზე, რომ მხედველობიდან კარგავენ საერთო, დიდ სურათს და ვერ აღიქვამენ პრობლემის მთლიან არსს;
-ვარლამის კარავში შებოდიალებული პოლიტიკოსები და ხალხის, პროტესტის გულწრფელი მონაწილეებისა და მათი თანამგრძნობების სიმრავლით პოლიტიკური ქულების დაგროვებაზე ორიენტირებული ცალკეული პარტიული ლიდერები.
გასული წლის პარიზის და წინა კვირის ვაშინგტონის სასამართლოების გადაწყვეტილებით, ქვეყანა კარგავს 1,2 მილიარდ ლარს. ეს უზარმაზარი ფული ჩვენს ოჯახებს შეიძლება მოხმარებოდა, მავნებელი ხელისუფლების ხელში კი თურქული კომპანიის ყულაბაში უშრომველად დაილექა.” – წერს რომან გოცირიძე.
