მას შემდეგ, რაც ჩატარდა პარტიული ყრილობა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა შესაბამისი განცხადება კორუფციის რისკებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და იმ მომენტიდანაც წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა, რომ ბოლომდე ჩაგვეხედა ყველაფერში და გადაგველაგებინა ვითარება გუნდში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ილაპარაკოს რაც უნდა [ლილუაშვილმა] , ეს არის ნებისმიერი პატიმრის უფლება, საქართველოში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი…”
კობახიძემ აღნიშნა, რომ საუბრის უფლება ყველა პატიმარს აქვს, რაც დემოკრატიის ნაწილია.
„თუ რაიმე გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაელოდოთ. იყო არაერთი შემთხვევა, როცა სხვადასხვა ბრალდებით და ძირითადად ეს კორუფციული ბრალდებები იყო, კონკრეტული თანამდებობის პირები საპატიმროში აღმოჩნდნენ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მათ რაღაცების ლაპარაკი სცადეს, თუმცა ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ამ ლაპარაკს არასდროს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და წესები, რომ ხელისუფლებაზე ვერაფერი ვერ თქვეს. აქ მათ შორის ვგულისხმობ ირაკლი ღარიბაშვილს და არა მარტო მას – წარსულშიც გახსოვთ მათ შორის სუს-ის სისტემის წარმომადგენელი, რომელმაც რაღაცების ლაპარაკი დაიწყო, თუმცა ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დასმული კითხვის პასუხად.
