გიორგი ბარამიძის სახით კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი შეემატა ამ ქვეყანას, – ამის შესახებ ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი ბარამიძის დაკავება არის სრული აბსურდი.
„გიორგი ბარამიძის დაკავებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი — აესრულებინათ ის დავალება, რაც მათ მიიღეს რუსეთისგან. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ გია ბარამიძეს რამდენიმე თვის წინ სწორედ რუსებმა შეუფარდეს მრავალწლიანი პატიმრობა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. სხვა მხრივ, გიორგი ბარამიძის დაკავება არის სრული აბსურდი. ვინმე თუ ისჯებოდეს სამშობლოს ღალატისთვის, უნდა ისჯებოდეს „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას და რომელიც ყოველდღე შეურაცხყოფს 2008 წლის გმირებს“, – განაცხადა წითლიძემ.
საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2003-2004 წწ) გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. აღნიშნული ბრალდების საქმეზე ბარამიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდება 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“ – ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.
