კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გიორგი ბარამიძის დაკავებას “რუსულ, თავხედურ ცინიზმს” უწოდებს. ჯაფარიძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს ენმ-ს დაკავებულ ლიდერს.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოს სოციალურ ქსელში წერს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გიორგი ბარამიძე იბრძოდა ამ ქვეყნის ყველა ომში და ის არის ერთ-ერთი გამორჩეულად გაბედული და ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი.
“გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის, ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია და დატოვა რუსეთის წინაშე მეგობრების გარეშე, თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ბელარუსის უშიშროებასთან და სრული კარტ-ბლანში მისცა ქვეყანაში ცალკე რუსულ სპეცსამსახურებს და ცალკე პრორუსულ ჯგუფებს, რომელმაც გაანადგურა ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება, რომელსაც ფარცხალაძე ჰყავდა გენერალურ პროკურორად და დღემდე მხოლოდ მოსკოვიდან აქებენ და ადიდებენ, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი.
90-იანი წლებიდან მოყოლებული, გიორგი ბარამიძე იბრძოდა ამ ქვეყნის ყველა ომში და მიუხედავად ჩვენს შორის შეხედულებების განსხვავებისა არაერთ საკითხთან მიმართებაში, ის არის ერთ-ერთი გამორჩეულად გაბედული და ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი. არ სჭირდება დამატებით გამხნევება, მაგრამ ჩემი სრული მხარდაჭერა მას და ყველას ვინც დღეს რეჟიმის ტყვეობაშია“,- წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავა. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
