ჩემი შვილი უდანაშაულოა და მე ამას დავამტკიცებ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მერაბ მალანიამ განაცხადა, რომლის შვილიც გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზეა ბრალდებული.
როგორც მალანია განმარტავს, საქმეში მისი შვილის წინააღმდეგ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს.
„ამდენი ხანია, ამას ვიხვეწები და არავინ გვეუბნება, არ ვიცი, რა მტკიცებულებებია. მოლოდინი აღკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით არ მქონია, რადგან რეზონანსული საქმეა. ჩემი შვილი უდანაშაულოა და მე ამას დავამტკიცებ“, – აცხადებს მალანია.
რაც შეეხება გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მერაბ მალანიას ესმოდა მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილისა და მისი შვილის დიალოგი, მალანია არ ადასტურებს.
„მე ამას ვერ ვიხსენებ. ის დღე, რომელზეც საუბარია, თავდასხმის ღამეა, გიორგი სასწავლო ცენტრიდან მე მომყავდა, გზაში გავაჩერე მანქანა, მაღაზიაში შევედი – „ფრესკოში“. შეიძლება იმ დროს დაურეკა, მართლა არ მახსოვს სიმართლე გითხრათ. ყოველ შემთხვევაში, ხომ ვკითხავდი, ვის ელაპარაკებოდა.
სატელეფონო საუბრის გარდა, ჩემს შვილს გაბაშვილთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და არც დანარჩენ მსჯავრდებულებთან, ნია იმნაძის გარდა. ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით, ნია იმნაძის მამა წარმოშობით ლანჩხუთიდანაა, საიდანაც ჩემი მეუღლეა. აქედან გამომდინარე, ურთიერთობა გვქონდა, ბავშვებს ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, ერთად ყოფნა უწევდათ, ერთად გაიზარდნენ. ეს იყო მათი კავშირი“, – განაცხადა მალანიამ.
ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.
