ხელისუფლება მხოლოდ მაშინ შეშფოთდა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ ლამის ლომის ხახიდან ამოიღო, ახლა უკვე ციხის საკნიდან მიგვახვედრა, რომ ლაზარე ჯორბენაძე თუნდაც ამ სავალალოდ გაჟღერებული სიმართლის გამო შეიძლება მოეკლათ – ამის შესახებ ასავალ-დასავალის მთავარი რედაქტორმა განაცხადა.
“ბოლო დღეებში კიდევ უფრო გამძაფრდა სოროსის სამჭედლოში გამობრძმედილი მორიგი პრემიერისა და მისი მეხოტბე პროპაგანდისტების შეტევა ჩემი რედაქტორობით 35-ე წელიწადია გამომავალ გაზეთ „ასავალ-დასავალზე“, რომელიც გამუდმებით ამხელს ქართული მიწებითა და ეროვნული ფასეულობებით მოვაჭრეებს. ჩვენი დაუნდობელი კრიტიკის საგანია იმ რენეგატთა დასტა, რომელსაც სურს, საქართველო უცხოტომელთა შემოსახლების ასპარეზად გადააქციოს, კიდევ უფრო დააქუცმაცოს ჩვენი ქვეყანა.
საქართველოს დროებით მმართველებს არ მოეწონათ, რომ დავუპირისპირდით ქართული მიწის გასხვისების სახელმწიფო პოლიტიკას, რის შედეგადაც ქართველ მორწმუნეებს წაერთვათ შესაძლებლობა, ავიდნენ დავით გარეჯის საკრალურ სალოცავებში, სადაც ჯერ კიდევ 1616 წლის აღდგომის ღამეს 6 000 გულმხურვალედ მლოცველი ბერი გამოწვეს; სადაც ლიტანიით ჩაიარა შაჰ-აბასის მიერ სპარსეთში გადარეკილმა ასიათასობით ქართველმა.
შეგვეძლო კი, გავჩუმებულიყავით იმ აუხსნელ ფაქტზე, რომ დღეს უცხო ქვეყანა დაჰპატრონებია ქართულ სიწმინდეებს — ხელისუფალთა დოყლაპიობით, ანგარებითა და დანაშაულებრივი დუმილით?!
გვეკითხებიან: რატომ დავუთმეთ „ასავალ-დასავალის“ ტრიბუნა იმ ადამიანს, რომელიც დაბეჯითებით აცხადებდა — საქართველოს მმართველებმა დავით გარეჯის სადავო ტერიტორიები აზერბაიჯანს გადაუფორმესო, რასაც აწ უკვე გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძე ჯიუტად იმეორებდა ჩვენგან ლამის თხუთმეტჯერ დასმული ერთი და იმავე შეკითხვის პასუხად!
მაგრამ არა — ძლიერნი ამა ქვეყნისანი საეჭვოდ დუმდნენ და როცა ამ ხმამაღალი განცხადების ავტორი გაურკვეველ ვითარებაში ჩამომხრჩვალი იპოვეს, დაჩქარებული წესით, ექსპერტიზის გარეშე, ორიოდ დღეში მიაბარეს მიწას.
არადა, რა მარტივი იყო თუნდაც ორსიტყვიანი პასუხი ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის შეკითხვაზე: დავით გარეჯის სადავო მიწები საქართველოს ეკუთვნის თუ აზერბაიჯანს?! ან რატომ ვერ ავდივართ ყველა ქართველისათვის სათაყვანებელ ადგილას თუნდაც სანთლის ასანთებად?!
მართლაც საკითხავია: რის დამალვას ცდილობდნენ? რა არ უნდა თქმულიყო ხმამაღლა?!
სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ მაშინ შეშფოთდა, როდესაც ციხეში გამოკეტილმა ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ ლამის ლომის ხახიდან ამოიღო საიდუმლო რუკები, როგორც უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ დავით გარეჯის სადავო ტერიტორიები საქართველოს ეკუთვნის, ახლა უკვე ციხის საკნიდან მიგვახვედრა, რომ ლაზარე ჯორბენაძე თუნდაც ამ სავალალოდ გაჟღერებული სიმართლის გამო შეიძლება მოეკლათ!
მოგვიანებით „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებმა უზნეობის უკიდურეს ფორმას მიმართეს: დავით გარეჯის გასხვისების ამბის გამხმოვანებელი ლაზარე ჯორბენაძე გიჟად გამოაცხადეს, ხოლო სტატიის ავტორის, დიტო ჩუბინიძის მცირეწლოვანი შვილების წინააღმდეგ აღვირახსნილი და ყოველგვარ ადამიანურობას გადაცილებული სამარცხვინო კამპანია დაიწყეს!
უფრო მეტიც: მათ გლობალური შეტევა წამოიწყეს იმ გაზეთის მიმართ, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ ღალატს ამხელდა, ახლა კი „ქოციონალური მოძრაობის“ ცილისმწამებლური პოლიტიკის შესახებ ალაპარაკდა!
დიახ, ჩვენ ავლაპარაკდით იმაზე, რომ უამრავი ჩვენი თანამემამულე საქართველოდანაა გაქცეული ლუკმაპურის საშოვნელად და თავისუფალი სიტყვის საძიებლად, ხოლო ამ დროს საქართველო წალეკა უცხოტომელთა თარეშმა!
პროპაგანდის ბინძურ მწვერვალად იქცა ისევ და ისევ სააკაშვილის ხმაზე აჭიკჭიკებული „ოცნების“ პროპაგანდისტების განცხადებები, რომ ასავალ-დასავლელმა ლაშა ნადარეიშვილმა და დიტო ჩუბინიძემ დავით გარეჯის გასხვისების გამო ირაკლი ღარიბაშვილის დაკვეთით ამოიღეს ხმა!
ნუ გგონიათ, „ოცნების“ მორიგო ხელმძღვანელნო, რომ ჩვენი ბასრი სიტყვა მხოლოდ თქვენს წინააღმდეგაა მიმართული! იგი იყო და იქნება მიმართული ყველა იმ რენეგატის წინააღმდეგ, ვინც ოდესმე გაბედავს, ივაჭროს ქართველთა ერის ისტორიით, ერის იდენტობის გამომხატველი სიძველეებითა და წინაპართა საძვალეებით!
რაც შეეხება „ასავალ-დასავალის“ შემოსავლის წყაროებს:
ჩვენი გაზეთის ყველა წერილი ნამდვილად დაფინანსებულია სვეტიცხოვლის, ჯვრის მონასტრის, სამთავროს, გელათის, ქვათახევის, ბეთანიის, ატენის სიონის, ზარზმის, ხახულის, წრომის, ოშკის, ბანას, ყინწვისის, ლომისას, გრემის, თავკავთის, ერთაწმინდის, ანჩისხატის, საფარის, ნიკორწმინდის, ბაგრატის ტაძრის, ლამარიას, წვერის წმინდა გიორგის, კუმურდოს, ვარძიისა და ილორის წმინდა სალოცავების მიერ! საქართველოს ყოველ მაღლობზე აღმართული ციხე-კოშკის მიერ!
თანხის ძირითადი ნაწილი გადახდილია მეფე ფარნავაზის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ბაგრატ V-ისა და მეფე ერეკლეს ფონდიდან, ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკიდან, აგრეთვე ბერი თევდორესა და ცოტნე დადიანის პირადი შემოწირულობებით!
დაფინანსებულია ქართული ხელოვნების ბერმუხის — ლეგენდარული შალვა ამირანაშვილის მიერ, რომელმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს პირადად მიმიყვანა ხახულის ხატთან და მითხრა, რომ ეს იყო ჩემი სამშობლოს უკვდავების გვირგვინი!
დაფინანსებულია უდიდესი ქართველი პოეტის, „ასავალ-დასავალის“ გულითადი მეგობრის — მურმან ლებანიძის მიერ, რომელმაც ყველას გასაგონად ამოთქვა, რომ: „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!“
დაფინანსებულია საქართველოს ეროვნული გმირის — ჟიული შარტავას მიერ, რომელმაც მთხოვა, დამეწერა პოემა „ფიქრები ბაბილონის გოდოლთან“, და დამეწერა ისე, რომ არასოდეს შემრცხვენოდა ჩემი სიტყვების, არასოდეს ვყოფილიყავი კონიუნქტურისა და მავანთა მაამებლობის მსხვერპლი!
დაფინანსებულია უდიდესი ქართველი კომპოზიტორის — იაკობ ბობოხიძის მიერ, რომელმაც ჩემს სახლში, ჩემს ფორტეპიანოზე ააჟღერა ჩემივე ლექსებზე დაწერილი სიმღერები!
დაფინანსებულია იმ დიდი გურამ შარაძის მიერ, რომელიც ეროვნული ფასეულობების გადასარჩენად სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა „ახალი საქართველოს ოხრანკას“ და რომელიც საჯაროდ განგმირეს 2007 წელს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან ზუსტად 100 წლის თავზე და „ასავალ-დასავალის“ რედაქციის დარბევამდე ორი თვით ადრე!
დაფინანსებულია პოეტ ვაჟა ოთარაშვილის მიერ, რომელმაც რამდენიმე სასამართლო პროცესი მოუგო ქართული მიწის მიმტაცებელ უცხოტომელებს და ლექსად გვამცნო უდიდესი ტრაგედია, რომ «საქართველო ყველასია, ქართველების გარდა!»
და ბოლოს, ცრუ-პროპაგანდისტებთან დაკავშირებით იმასაც ვიტყვი:
სამშობლოს სიყვარულს, რითაც ვიცხოვრეთ მე და „ასავალ-დასავალმა“, ვერასოდეს დააფინანსებს ამა სოფლის ძლიერთა სექტა!
მას აფინანსებენ სანჭაროს, ადანგეს, მარუხის, ქლუხორის, ნაკრას, ბეჩოს, გურძიევცეკის, მამისონის, როკისა თუ ყადორის უღელტეხილები, რომლებიც ოდესღაც ფეხით გადავიარე!
მას აფინანსებს მყინვარწვერის თოვლის თეთრი თაველი და იქიდან დანახული დიდი და ერთიანი საქართველო!
მას აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია!“ – გაზეთი ასავალ-დასავალი მთავარი რეაქტორის ლაშა ნადარეიშვილის განცხადებას ავრცელებს.
