ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჭიათურელი მაღაროელების განაჩენები არ შეცვალა.
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს — 6 წელი და 3 თვე აქვთ მისჯილი, ხოლო ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე პატიმრობა მიუსაჯა.
მაღაროელები 1.5 წელია უკვე ციხეში არიან.
“რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებთ, საბოლოოდ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგში) წავიღებთ.
ხაზგასმით და ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არ არსებობს — ის მიკერძოებულია და ზემოდან ნაბრძანებ მითითებებს ასრულებს”, – ნათქვამია პროტესტში ჩართული მაღაროელების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.
მაღაროელებს – გიორგი ნეფარიძეს, მერაბ სარალიძეს, თენგიზ გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) ედავება.
შემთხვევა 2025 წლის 28 აპრილს მოხდა. ბრალდების მიხედვით, ოთხი მაღაროელი თითქოს თავს დაესხა შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს და ფიზიკურად გაუსწორდა მას.
მაღაროელები წარდგენილ ბრალს უარყოფენ.
მაღაროელების დაკავებას წინ უძღოდა მრავალდღიანი პროტესტი, შიმშილობა და მასშტაბური აქცია ქალაქ ჭიათურაში.
ოთხივე დაკავებული მაღაროელი საპროტესტო აქციების გამოკვეთილი ფიგურა იყო. ისინი მოუწოდებდნენ სხვა მაღაროელებს, ხელი არ მოეწერათ მათი აზრით კაბალურ ხელშეკრულებაზე, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მშრომელებს სთავაზობდა.
