ჯაშუშობის გახმაურებულ საქმეზე სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. განსასჯელის სკამზე ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე ზის. დღევანდელ პროცესზე წერილობითი მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ.
დაცვის მხარე საქმის წარმოების გასაიდუმლოებას აპროტესტებს და სასამართლო პროცესების გახსნას მოითხოვს. ადვოკატების განცხადებით, საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რა მტკიცებულებების საფუძველზე ემუქრება მათ დაცვის ქვეშ მყოფს მრავალწლიანი პატიმრობა.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეში ბრალდებული ჟურნალისტის წინააღმდეგ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.
შეიძლება იყოს წერილობითი მტკიცებულებები. ბრალდების მხარეს სხვა დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებს ირაკლი ჩიხლაძის ბრალად შერაცხულ ქმედებას. ისევე, როგორც ჩვენ ადრე ვსაუბრობდით, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს ირაკლი ჩიხლაძის ბრალეულობას. აღნიშნულ საქმეში დღესაც მოვითხოვთ, რომ ირაკლი ჩიხლაძის მიმართ საიდუმლო საქმის წარმოება განსაიდუმლოვდეს და მოხდეს მისი საჯაროდ განხილვა, რათა ნახოს საზოგადოებამ თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე ედავებიან ირაკლი ჩიხლაძეს, – თქვა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
ირაკლი ჩიხლაძეს ედავებიან, რომ „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას“.
