8 სექტემბერს PISA 2022-ის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 15 წლის მოსწავლეების მიღწევები 2018 წელთან შედარებით მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სტატისტიკურად არსებითად არ შეცვლილა. ამასთან, სამივე მიმართულებით საქართველოს მაჩვენებლები OECD-ის საშუალო შედეგებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკაში საშუალოდ 390 ქულა მიიღეს, მაშინ როცა OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 472 ქულაა. კითხვაში საქართველოს შედეგი 374 ქულაა, OECD-ის – 476, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი შესაბამისად 384 და 485 ქულა.
გენდერულ ჭრილში მათემატიკაში გოგონებისა და ბიჭების შედეგები თითქმის თანაბარია – 393 და 387 ქულა. კითხვაში გოგონები ბიჭებს 35 ქულით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 14 ქულით უსწრებენ.
მნიშვნელოვანი სხვაობაა საცხოვრებელი ადგილის მიხედვითაც. მათემატიკაში საუკეთესო შედეგი თბილისის მოსწავლეებს აქვთ – 417 ქულა, სხვა ქალაქებში მაჩვენებელი 383, სოფლებში 369, ხოლო დაბებში მხოლოდ 344 ქულაა.
განსაკუთრებით დაბალია აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების შედეგები – მათემატიკაში 321, კითხვაში 297, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 307 ქულა.
კვლევამ სოციალურ-ეკონომიკური განსხვავებაც აჩვენა: საქართველოში შეძლებულმა მოსწავლეებმა მათემატიკაში შეჭირვებულ თანატოლებს საშუალოდ 65 ქულით აჯობეს. ამასთან, 15 წლის მოსწავლეების 13%-მა განაცხადა, რომ საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოა.
PISA 2022-ში 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690 ათასი 15 წლის მოსწავლე მონაწილეობდა. საქართველოდან კვლევაში ჩართული იყო 267 სკოლის 6 583 მოსწავლე.
