“ირაკლი ღარიბაშვილმა ზურგში დანა თავად ჩაირტყა” – ასე პასუხობენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ივანიშვილის გუნდში.
დღეს პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალაჩინოსნის ახალ წერილზე შეფასება თენგიზ შარმანაშვილმა გააკეთა.
” ქართული ოცნების” წევრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან “პოლიტიკურ დევნაზე” საუბარი უადგილოა იმ ფონზე, როცა მის სახლში მილიონები და ოქროს ზოდები აღმოჩინეს და როცა თავად აღიარა დანაშაული, რასაც ედავებოდნენ.
„ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, 100 ათას დოლარზე ნაკლები რომ არც ერთი ღირდა, ის საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! მან თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა და რაც მალე გააცნობიერებს ამას, უკეთესი იქნება. პოლიტიკური დევნა როგორ არის, აბა?! მან კონკრეტული დანაშაული აღიარა. რომც არ ეღიარებინა, ჩხრეკის დროს სახლში ისეთი რაღაცები აღმოაჩნდა, რომლის კანონიერების გამართლება მან ვერ შეძლო. ზურგში დანა როგორ ჩავარტყით როცა სახლში ისეთი რაღაცები უპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ ჩაირტყა დანა?!,” – განაცხადა შარმანაშვილმა.
გუშინ ექს-პრემიერმა რუსთავის ციხიდან კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა – ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ბოლო დღეებში ბევრი “სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება იხილა მის მიმართ”. კონკრეტული გვარ-სახელები პატიმრობაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსანს არ დაუსახელებია, თუმცა მათ მოუწოდა, რომ “თავი დაანებონ მის წინააღმდეგ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს!”
ერთადერთი ვისაც ღარიბაშვილმა პერსონალურად მიმართა, შალვა პაპუაშვილია -“შალვა ეს არა სამართლებრივი პროცესი არამედ დაუნდობელი პოლიტიკური დევნაა” – წერს ღარიბაშვილი რუსთავის ციხიდან.
როგორც დაკავებული ყოფილი პრემიერ აღნიშნავს, ის არავის არ ებრძვის, თუმცა ახლა იძულებულია, დაიცვას თავისი თავი და ოჯახი “უსამართლობისა და სისასტიკისგან”.
“ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით” – წერს წერილში ღარიბაშვილი ყოფილ თანაგუნდელების მისამართით.
