გულდასაწყვეტია იმ მდგომარეობაში უყურებდე მას [ირაკლი ღარიბაშვილს], რა მდგომარეობაშიც ჩაიგდო თავი, – ასე ეხმიანება კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს საპატიმროდან.
მისი მტკიცებით, ღარიბაშვილის განცხადებები არგუმენტაციას მოკლებულია.
გულდასაწყვეტია, როდესაც გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ამ შინაარსის განცხადებებს აკეთებს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. ადამიანურად ნამდვილად გული მწყდება. 2012 წლიდან ერთად მოვდიოდით, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია იმ მდგომარეობაში უყურებდე მას, რა მდგომარეობაშიც ჩაიგდო თავი. 2012 წლიდან მოყოლებული ბევრი სირთულე გამოვიარეთ, გამოწვევას ვუპასუხეთ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო,- აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.
ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.
