ელისო კილაძე მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ ალაპარაკებას აანონსებს. ეს შესაძლოა დღევანდელ პროცესზეც მოხდეს. რა ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს ქრონიკა პლუსის დამფუძნებელი ჯერ ადვოკატისთვის უცნობია.
ელისო კილაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩაში 18 თებერვალს დააკავეს.
„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ელისო კილაძე დაკავების პირველივე დღიდან ამბობს, რომ ის მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია.
ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.
კილაძის საქმის წარმოება ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი – სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
