სააკაშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზად არ განიხილავს ტყუილს. ტყუილებს, რასაც ოპოზიციაში ყოფნისას ვისმენთ, თითქოსდა ჩვენ რაღაცას ვაჩუქებთ დამნაშავე სეპარატისტებს და მერე ისინი შეგვირიგდებიან – ამ ტყუილს ქართველ ხალხს არ ვაკადრებთ, – ამის შესახებ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დამოკიდებულია საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერეზე.
„სააკაშვილი აფხაზეთში გულისხმობდა იმ სეპარატისტებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაულები, ომის დანაშაულები, მათ შორის ქართველების სახლები აქვთ მიტაცებული. აფხაზები არიან ეს ხალხი, აბა, რა გგონიათ, ვინ არის ეს ხალხი? ის ხალხი, დევნილი რომ არის, აფხაზია. აფხაზებზე კი არ არის საუბარი, იმ დამნაშავეებზეა, რომლებმაც ქართველების თავებით ითამაშეს ფეხბურთი, რომლებმაც ქართველების სახლები მიიტაცეს და იძახიან, რომ ხვალაც იმავეს იზამენ. ამ ხალხზეა საუბარი და ამ ხალხთან, რა ვიცი, მე მათ მაგივრად როგორ გიპასუხოთ? ჩანს, რომ ამ ხალხს აქვს შოვინიზმი, მიუღებლობა, ქსენოფობიური დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოს ყველა წევრი მოქალაქის მიმართ, რასაც ისინი გამოხატავენ. მათთან ურთიერთობა თქვენ თუ გეჩვენებათ ადვილად მოსაგვარებლად, არ ვიცი. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან პრობლემურია, იმიტომ, რომ ამ ხალხს მეტი რა უნდა გაეკეთებინა? ეთნოწმენდა აქვთ ჩატარებული, ჩვენი სახლები აქვთ წართმეული და იძახიან, რომ იგივეს გააკეთებენ მომავალში. უარესი რა უნდა გააკეთონ, რომ მივხვდეთ, რომ არ ჩანს ამათთან მოლაპარაკებების უკეთესი დღე, თუ არა ის, რომ ისინი შეეგუონ, რომ დევნილები დაბრუნდებიან; შეეგუონ, 49% რომ იყო, თვითონ, ზოგიერთები რომ 17% იყვნენ, იმ 17%-შიც რომ ბევრი საქართველოს მხარეს იყო, ანუ თვითონ იყვნენ აბსოლუტურ უმცირესობაში და აბსოლუტურ უმცირესობას, რუსების დახმარებით, არ უნდა შეეძლოს გადაწყვიტოს, ჩვენს ისტორიულ მიწაზე რა მოხდება.
სააკაშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზად არ განიხილავს ტყუილს. ტყუილებს, რასაც ოპოზიციაში ყოფნისას ვისმენთ, თითქოსდა ჩვენ რაღაცას ვაჩუქებთ დამნაშავე სეპარატისტებს და მერე ისინი შეგვირიგდებიან – ამ ტყუილს ქართველ ხალხს არ ვაკადრებთ. როდესაც იქნება ძლიერი ქართული სახელმწიფო, მაშინ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი პასუხი. როცა იქნება ძლიერი ქართული სახელმწიფო და როდესაც ტყუილებით კი არ შეეცდება ხალხის დაბოლებას, რომ ჩვენ ვიღაცებს ბოდიშს მოვუხდით – ვინც ჩვენს ეთნოწმენდაში მონაწილეობა მიიღო, ეგრე არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა. მაგას არავინ არ ჭამს საქართველოში“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ამასთან, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძლიერი ქართული სახელმწიფოს პირობებშია შესაძლებელი და ამ პროცესში მთავარი დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებაა.
„ჩვენ განვიხილავთ ძლიერი საქართველოს პირობებში ამ ტერიტორიის დაბრუნებას. ნდობის აღდგენა რა არის, თქვენ უნდა გაიგოთ, რომ აფხაზეთი არის ჩვენი მიწა. ჩვენი მიწაა, უნდა დავბრუნდეთ. მაგალითად, ქვემო ქართლში ან შიდა ქართლში, ან ნებისმიერ სხვა რეგიონში, ან ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა ვისაუბროთ ემოციურ თემებზე, რომ ვიღაცას უნდა შევურიგდეთ, ვიღაცას უნდა ვაპატიოთ, ვიღაცამ უნდა გვაპატიოს, ამაზეა დამოკიდებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა? საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დამოკიდებულია საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერეზე. 90-იან წლებში რუსეთის იმპერია იყო შედარებით ძლიერი, ისე, რომ მოახდინა ამ კონფლიქტური სიტუაციების ხელოვნურად გაღვივება, შემდეგ შემოვიდა თვითონ არმიით. ჩვენ როდესაც ვიქნებით ძლიერები და რუსეთი, როგორც სუსტდება უკრაინაში, უნდა ვისარგებლოთ და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. საუბარი, რომ ნდობის ხიდი თუ არ აღდგა – ნდობის ხიდი კი არა, დევნილები უნდა დაბრუნდნენ, ეს არის მთავარი. მიწები წაართვეს. თქვენ რომ გამოგაგდონ სახლიდან და მერე გითხრან, იმ ხალხს, რომელმაც გამოგაგდო სახლიდან, თუ არ შეურიგდები, არ დაბრუნდები, სწორი იქნება? ამიტომაც უნდა დავბრუნდეთ ჩვენს სახლებში. უნდა შეეგუოს ის ხალხი, ვინც იქ არის, რომ უნდა მივიდეს ქართველი და დაბრუნდეს საკუთარ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ამასთან, ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც წერს: „საუბარი როგორც კი იწყება ქართველებისა და აფხაზების შერიგებაზე, აქტიურდება აგენტურული ქსელი, რომლისთვისაც მუდმივი დაპირისპირება არსებობის ერთადერთი ფორმაა“, რაზეც ფავლენიშვილმა განაცხადა:
„მათ მიაჩნიათ, რომ ვიღაცაზეა დამოკიდებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვიღაცის ნებართვა, ვიღაცის შერიგება და თბილი სიტყვები სჭირდება ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის უზენაესი პრინციპი და არავის თანხმობა, კეთილი სიტყვა, შერიგება და ასეთი რამ არ გვჭირდება, რათა ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს ძლიერი საქართველოს პირობებში“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პირველ აგვისტოს დაწერა: „ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ, 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში, აზრების ნაცვლად, ტყლაპი აქვს“.
ამასთან, 2 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „აფხაზეთის ტერიტორიაზე 45 ათასი ეთნიკურად აფხაზი შესახლებულია წართმეულ სახლებში, ყაჩაღები ჯერ ამ სახლებიდან არიან გასაყრელი და ქართულ სახელმწიფოს თუ აღიარებენ, პრობლემა არ შეექმნებათ“.
