კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს უცხოეთში, მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფ ადამიანებთან ჰქონდათ კავშირი და მეოთხეული, შიდაგადაცემა არ დაფიქსირებულა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პაციენტები საშუალო ასაკის არიან, ერთი კაცი და ორი ქალი. ერთის მდგომარეობა სერიოზულია, მას ორმხრივი პნევმონია აქვს. ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„სამივე ადამიანმა იცის, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. ზუსტად არ ვიცი, თვითიზოლაციის რომელი ფორმა ჰქონდათ გამოყენებული. მათ კავშირი არ აქვთ იმ ჯგუფებთან, რომელზეც აქამდე გვქონდა საუბარი“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე ინფორმაციით, ახალი პაციენტებიდან ორი ინფექციურშია მოთავსებული, ერთი კი სხვა კლინიკაში. თენგიზ ცერცვაძის თქმით, მიმდინარეობს დაინფიცირებული ადამიანების კონტაქტების შესწავლა.
ინფექციურში ლუგარის ლაბორატორიიდან 9 პაციენტზე პასუხს ელოდებიან.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
238 ნახვა