უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ პირველმა ავიაკომპანიებმა უკვე დაიწყეს რუსეთში რეისებზე უარის თქმა.
“ვიღებთ ინფორმაციას, რომ პირველმა ავიაკომპანიებმა უკვე დაიწყეს რუსულ აეროპორტებში რეისების განხორციელებაზე უარის თქმა დრონების მხრიდან საფრთხის შესახებ ჩვენი გაფრთხილების შემდეგ, რომელიც ობიექტურად არსებობს რუსეთის ცაში. ეს სწორი, სრულიად ლოგიკური რეაქციაა არსებულ ფაქტებზე – ყველაფერზე იმაზე, რაც ომის გამო ხდება, რომლის დასრულებაც პუტინს არ უნდა. სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინამ უკვე ოფიციალურად შეატყობინა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს რუსულ საჰაერო სივრცეში არსებულ რეალურ ვითარებაზე.
