განცხადებაში ძალიან კარგად ჰქონდა ახსნილი, რა და როგორ, დამატებით, ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ. ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ დამატებით ვერაფერს გეტყვით, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მან ყოფილი პრემიერი მას შემდეგ მოინახულა, რაც მასთან სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი იმყოფებოდა.
მმართველი გუნდის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებაზე გაკეთებულ შეფასებებზე, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი, „ნაცმოძრაობა“ და ქვეყნის მტრები ერთ ენაზე საუბრობენ, თამაზაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი მთელი თავისი ცხოვრება სწორედ მათ ებრძოდა.
„რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით რა უნდა გითხრათ, ირაკლი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება რადიკალურ ოპოზიციას ებრძოდა, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აცხადებს თამაზაშვილი.
კითხვაზე, თუ რამდენად არის ღარიბაშვილის უსაფრთხოება დაცული, ადვოკატი კონკრეტულ პასუხს არ სცემს.
„ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით. საწინააღმდეგო ამ ეტაპისთვის არაფერი მომისმენია. შიშებზე საუბარს ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ დავიწყებ, ირაკლის რისი თქმაც უნდოდა, განაცხადა თავის განცხადებებში და ვფიქრობ, ძალიან მკაფიო და ნათელია. ამ ეტაპზე ახალი გზავნილები არ აქვს, დარწმუნებული ვარ, თუ რამე ექნება თავისი პოზიცია და ვფიქრობ, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც თავისი ღირსეული პასუხი ექნება“, – აცხადებს თამაზაშვილი.
კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ღარიბაშვილი დაანონსებული ბრძოლის გაგრძელებას, თამაზაშვილი პასუხობს, რომ ყოფილი პრემიერი ამაში „საკუთარი თავის და ოჯახის დაცვას“ გულისხმობდა.
კითხვაზე, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან, ან გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ ხელმძღვანელთან დაკავშირებით ფლობს თუ არა ღარიბაშვილი რაიმე სახის ინფორმაციას, ადვოკატი ასე პასუხობს:
„არ გვისაუბრია ამ საკითხებზე და ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს“, – აცხადებს თამაზაშვილი.
