თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ია სირანიშვილი გუშინ ელიზბარაშვილის სახლში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს. მისი თქმით, მისი თქმით, ჩხრეკის მიმდინარეობისას სამართალდამცველები მისთვის ტელეფონის წართმევას და საგამოძიებო მოქმედების გადაღების შეწყვეტას ცდილობდნენ, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს და სახლიდან ძალის გამოყენებით გააძევეს.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ვიდეოგადაღებისთვის ხელის შეშლა შესაძლოა ჩხრეკის დროს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ შესაძლო უკანონო ქმედების დაფიქსირების თავიდან აცილებას უკავშირდებოდა.
“მიმდინარეობდა ბატონ თამაზ ელიზბარაშვილის სახლის ჩხრეკა და ამ დროს ვიღებდით ტელეფონზე და რა თქმა უნდა, ეს საგამოძიებო მოქმედებაა ჩვეულებრივად, ტელეფონზე გადაღება. ტელეფონის წართმევას ცდილობდნენ 5 კაცი ერთად. არ მინდა, დეტალებში შევიდე ძალიან ცუდად და რაზედაც ვიყვირე, რომ “რას აკეთებ!”, ხელს მკიდებდა ძალიან ცუდად. 5 კაცი მეჯაჯგურებოდა, რომ ტელეფონი წაერთმიათ და ვიდეოგადაღება არ მომხდარიყო. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო იმიტომ, რომ სავარაუდოდ, ბატონ თამაზ ელიზბარაშვილისთვის უნდოდათ, ჩაედოთ რაიმე კანონსაწინააღმდეგო და ამიტომ იყო ეს ყველაფერი, და როდესაც ტელეფონ ვერ წამართვეს, დამიწყეს უკვე ცემა და იქიდან გაგდება ძალადობით. მახოხიალეს ძირს, მირტყეს, გადამიკეტეს კარები და შუა საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომაგდეს ადვოკატი” – ამბობს ია სირანიშვილი
გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით დააკავა.
შსს-ში ამბობენ, რომ ბიზნესმენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამის პარალელურად ცნონბილია, რომ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით – სსკ-ის 151-ე – მუქარისა და 236-ე – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
დაკავებამდე ბიზნესმენმა და მისი ოჯახიე წევრებმა ტერორსა და დაშინების მცდელობაზე ისაუბრეს.
