დაურ ბუავას ოჯახი ნარკოტიკების ვერსიას გამორიცხავს. ინტერვიუ აფხაზი ბლოგერის დედასთან “პირველებმა” ჩაწერა.
ქალი ამბობს, რომ მისი შვილი ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობდა და მასზე “ცუდს” ვერ მიიღებს.
მე მყავდა კარგად აღზრდილი შვილი, მასზე ცუდს ვერავინ იტყვის – სუფთა, კეთილი გულის, ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობდა. ვერ მივიღებ მასზე ცუდს, ნურავინ იტყვის, – ამბობს დაურ ბუავას დედა.
დაურ ბუავას მამა ამბობს, რომ ოჯახის მთავარი საზრუნავი შვილის ღირსეული გაცილებაა, ამ საქმეს კი შემდეგ დაუბრუნდებიან.
დღეს და ახლა ჩვენი მთავარი საფიქრალი მისი ღირსეული გაცილებაა. გამოვემშვიდობებით როგორც მას შეეფერება ისე და მერე დავუბრუნდებით ამ საქმეს. ჯერ მივენდობით და დავაკვირდებით გამოძიებას. იმედი გვაქვს, სათანადოდ გამოიძიებენ, – ამბობს დაურ ბუავას მამა.
ამ წუთებში გარდაცვლილი ბლოგერის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობ. დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბუავამ და მისმა მეგობარმა ვალერია კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ქალმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და წავიდა.
