ძლიერი ნალექის შედეგად ოზურგეთის დაბა ნარუჯაში წყლის სატუმბ სადგურს საძირკველი გამოერეცხა – ობიექტი ნაწილობრივ წყლით დაიფარა – ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს:
„ძლიერმა ნაკადმა სატუმბი სადგურის საძირკველი გამორეცხა, რის შედეგადაც ობიექტი ნაწილობრივ წყლით დაიფარა და მისი უსაფრთხო ექსპლუატაცია შეუძლებელი გახდა. ამასთან, დაზიანებულია სადგურის შემსვლელი და გამსვლელი მილსადენები, რაც სისტემაში წყლის მიღებასა და ქსელში მიწოდებას აფერხებს“, – აცხადებენ კომპანიაში. მათივე თქმით, დაზიანების მასშტაბიდან და რთული ჰიდროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს: წყლის დონის შემცირებასა და ობიექტთან უსაფრთხო მისასვლელის უზრუნველყოფას, ტერიტორიის გაწმენდას, სატუმბი სადგურისა და მილსადენების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, დაზიანებული მონაკვეთების აღდგენასა და სისტემის ეტაპობრივ გამოცდას.
