შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმ აბიტურიენტების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, თუ რამდენმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ასევე, რამდენმა გადალახა, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წელს გამოცდებზე გამოცხადებული 39 689 აბიტურიენტიდან 34 150 ჩაირიცხა უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, 1 795 გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რადგან აირჩია მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისათვისაც მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი, მის მიერ შერჩეულ პროგრამებზე მაღალი კონკურსის გამო; 3 744 აბიტურიენტმა კი ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე რეფორმის შედეგად 34 150 აბიტურიენტიდან სწავლას სახელმწიფოს სრული დაფინანსებით განაგრძობს 20 679 (60.55 %) აბიტურიენტი, მათგან: საბაკალავრო პროგრამები/სახელმწიფო – 17862 (52.30%) პროფესიული პროგრამები/სახელმწიფო – 1322 (3.87%); ქართულ ენაში მომზადების პროგრამა/სახელმწიფო – 1495 (4.38%).
