“ახლა კობახიძის ჯერია” – ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა და მამუკა მდინარაძის გადადგომასა და პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მამუკა მდინარაძის “გათავისუფლება ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს” და ამ ფონზე კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ირაკლი ღარიბაშვილს მის პარტიას შეუერთდეს.
ირმა ინაშვილი აღნიშნავს, რომ მამუკა მდინარაძე “დაბეზღებებს, ცილისწამებებს, შავ კამპანიებს შეეწირა, რასაც ის წლების განმავლობაში აწარმოებდა”.
“ბიძინა ივანიშვილი მომწიფებულია იმისათვის, რომ მიაბრძანოს ირაკლი კობახიძე” – ამბობს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი.
მდინარაძის გათავისუფლება ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და ჩვენ წინ გვაქვს სერიოზული პროცესი, ძალიან სერიოზული პოლიტიკური პროცესი და ამ ფონზე ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ძალიან სწორად გაიაზროს ჩემი და ჩვენი პარტიის შეთავაზება. ჩვენ პოლიტიკური ბრძოლის გზით უნდა წავიდეთ. აი ამ ბრძოლაშია ირაკლი ღარიბაშვილის სიმართლის გამარჯვების გზა.
შეეწირა იმ დაბეზღებებს, იმ ცილისწამებებს, იმ შავ კამპანიებს, რასაც ის წლების განმავლობაში აწარმოებდა და ახლა კობახიძის ჯერია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი მომწიფებულია იმისათვის, რომ მიაბრძანოს ირაკლი კობახიძე და ეს მალე მოხდება,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.
გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.
ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, “ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს”.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.
