მამუკა მდინარაძე გაუშვა ბიძინა ივანიშვილმა – მას ვერაფერმა უშველა, მათ შორის, ვერც ირაკლი კობახიძის პროტექციამ, ვინაიდან მას დაუმტკიცეს საერთო კრიმინალური, კორუფციული ყულაბიდან ფულის მოპარვა, კრიპტოანგარიშებზე ფულის გადარიცხვა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ კრიმინალური რეჟიმია.
„მამუკა მდინარაძე არა მხოლოდ თანამდებობიდან გაუშვეს, არამედ პოლიტიკიდანაც. გაუშვა ივანიშვილმა. ვერ უშველა ირაკლი კობახიძის პროტექციამ, ვერ უშველა ვერაფერმა, ვინაიდან მას დაუმტკიცეს საერთო კრიმინალური, კორუფციული ყულაბიდან ფულის მოპარვა, კრიპტოანგარიშებზე ფულის გადარიცხვა – ასე ვრცელდება ინფორმაცია „ქოცებში“. და კი, ეს არის კრიმინალური რეჟიმი. ეს არის კორუფციული კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა დიდი ერთიანობით უნდა დაასრულოს ამ ქვეყანაში. არც მამუკა მდინარაძე, არც ირაკლი ღარიბაშვილი არაფერს წარმოადგენს. ამ პირამიდის მთავარ წვერს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კრიმინალური დაჯგუფება „ქართული ოცნება“, – განაცხადა ფარულავამ.
მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძის თქმით, 10 წელი, რაც ის პოლიტიკაშია, შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი იყო. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკიდან წასვლაზე “ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს”. მდინარაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ ძალებს სხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესში მოსინჯავს. პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვაზე პასუხად კი აღნიშნა, რომ რომ ეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.
“ვფიქრობ, ცოტა დასვენებას და საკუთარ ოჯახზე ზრუნვას ვიმსახურებ. ჩემი შვილები, პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ. თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები“, – განაცხადა მდინარაძემ.
