პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და გამორიცხავს, რომ მას პირველ პოსტში ნახსენები წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
“ქართული ოცნების” წევრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილები ბადებს ეჭვს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა, ან “აბსოლუტურად რეალობის შეგრძნება დაკარგა”.
გია ვოლსკი განიცდის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დაუშვა, რომ მის ოჯახს შეიძლება რამე დაემუქროს.
მით უმეტეს გაუგებარია იმიტომ, რომ თავიდან ითქვა, რომ ადვოკატმა შეუტანა, ადვოკატი ამბობს, რომ ეს წერილი მე არ შემიტანიაო, ახლა მამუკა მდინარაძეს მიადგა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბრალდება მოხსნა. მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა წერილი, აბსოლუტურად აბსურდული მოთხოვნებით, ასეთი რამე გამორიცხულია, გამორიცხულია და იმიტომ.
არ არსებობს ეგეთი, არც სამართლებრივად, არც ეთიკურად, არც პოლიტიკურად შეთავაზება, რომ იცი რა რაღაც გარანტია რომ გქონდეს, შენ აიღე შენ თავზე დანაშაული, რომელიც არ ჩაგიდენია, ჩვენ სპექტაკლს დავდგამთ და ეს ყველაფერი დაწერა მამუკა მდინარაძემ და გაუგზავნა ირაკლი ღარიბაშვილს, ეს არის გამორიცხული.
თვითონ ეს წერილები, გინდა ერთი, გინდა მეორე, რასაკვირველია, ბადებს ეჭვს, რომ არის აბსოლუტურად შეუსაბამო იმ რეალობასთან, რაც შექმნილია და ბადებს ეჭვს, რომ ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა, ან აბსოლუტურად რეალობის შეგრძნება დაკარგა.
განსაკუთრებით რასაც განვიცდი არის, რომ იგი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს, მის ცოლ-შვილს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს არის პირდაპირ მცდელობა დისკრედიტაციისა ხელისუფლების,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადაადგმევინა ნაბიჯი, ბრძოლის დასაწყებად.
