კომპანია შპს „ბიტექსჩეინჯი”, რომელმაც პროკურატურის ინფორმაციით, ნანა ყეინიშვილს უჩივლა, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე დავით ორჯონიკიძეს ეკუთვნის. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, სწორედ ის არის 100%-იანი წილის მფლობელი. შპს „ბიტექსჩეინჯის” დირექტორი ნინო ქოპილაშვილია.
“ტვ პირველი” დაინტერესდა, როდის გამოკითხა ორივე მათგანი საგამოძებო უწყებამ, თუმცა არც დავით ორჯონიკიძე და არც ნინო ქოპილაშვილი საქართველოში არ იმყოფებიან.
“ნინო ქოპილაშვილი საქართველოში არ არის. დიდი ხანია ქვეყანაში არ არის. არ ვიცი გამოკითხვაზე იყო თუ არა. ესეთი დეტალები არ ვიცი. ერთი წელია სადღაც რაც საქართველოში არ არის. დავით ოქროპირიძეც მასთან ერთად არის. კი ორივე წასულია”, – ეუბნება ნინო ქოპილაშვილის ახლობელი “ტვ პირველს”.
კომპანია შპს „ბიტექსჩეინჯი” 2020 წელს არის რეგისტრირებული და მისი ძირითადი საქმიანობა კრიპტოვალუტის კონვერტაციაა. კომპანია კრიპტო აპარატებს აწარმოებს. ვებგვერდის თანახმად, შპს „ბიტექსჩეინჯის” ქსელი, საქართველოს მასშტაბით უკვე 75 კრიპტო აპარატს ითვლის, რომელთა საშუალებითაც ლარის სანაცვლოდ კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი.
პროკურატურის ინფორმაციით, შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად. აღნიშნული გარემოებები გამოძიების ფარგლებში უნდა გადამოწმდეს.
საკითხზე თავად ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ვირტუალური აქტივების პროვაიდერი შპს „ბიტექსჩეინჯი“ დაჯარიმებულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის გეგმური შემოწმების შედეგად. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით შესაბამისი გადაწყვეტილება სებ-ის ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნებული გამოქვეყნებული არაა, შესაბამისად ჯარიმის ოდენობა უცნობია.
