23 ლარიანი სასკოლო ფორმა 95 ლარად – მოძრაობა „სართული“ ხელისუფლებას სასკოლო უნიფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით სავარაუდო კორუფციაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის მტკიცებით, ფორმა, რომელიც სკოლებში პირველი სექტემბრიდან უნდა შევიდეს, მის რეალურ ღირებულებაზე დაახლოებით ოთხჯერ ძვირად გაიყიდება.
აქტივისტების კითხვებს აჩენს კომპანიაც, რომელთანაც სახელმწიფომ დაახლოებით 45 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. „სართულის“ ინფორმაციით, „გლორი ტექსტილ ინდასტრი“ მიმდინარე წლის მარტში დაფუძნდა, ორ თვეში კი სახელმწიფოსგან მრავალმილიონიანი კონტრაქტი ტენდერის გარეშე მიიღო.
მოძრაობა ითხოვს განმარტებას, როგორ შეირჩა ახლად დაფუძნებული კომპანია და რის საფუძველზე განისაზღვრა სასკოლო ფორმების ღირებულება.
იკვეთება რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა: პირველი, გამოჩნდა ის, რომ “ქართულ ოცნებას” არ აინტერესებს ბავშვები და მათი ჯანმრთელობა გამომდინარე იქიდან, რომ ის ფორმა, რომელიც მათ სავალდებულოდ სატარებელი გახადეს, არის 72% პოლიესტერისგან, რაც ხშირ შემთხვევაში, არის ალერგიის გამომწვევი, არ ატარებს ჰაერს და არის დისკომფორტის შემცველი. მეორე – გამოიკვეთა არაეფექტური ფულის ხარჯვა და მათი არაკომპეტენტურობა. ეს არის ერთი საიტი და არა ერთადერთი, დარწმუნებული ვარ, სადაც ზუსტად იგივე ხარისხის, ზუსტად იგივე ფორმები იყიდება ოთხჯერ უფრო ნაკლებ ფასად – 23 ლარად, რაშიც “ქართული ოცნება” საკუთარ მოსახლეობას, მშობლებს, ახდევინებს 95 ლარს. 25 მლნ-ით მეტს იხდიან, ვიდრე ეს ყველაზე ცუდი შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა.
გვაქვს ასეთი კითხვები: კეთდება თუ არა არალეგალურად ისეთი ფული, რომელიც დააწვება ქართულ მოსახლეობას, – ამბობენ მოძრაობაში.
სასკოლო ფორმების სავალდებულო შემოღებას აკრიტიკებს „ლელოს“ წევრი ქეთევან თურაზაშვილიც. მისი თქმით, მაშინ, როცა საჯარო სკოლების ნაწილში კვლავ მოუგვარებელია ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა კვების პრობლემა, ხელისუფლების პრიორიტეტი ძვირადღირებული უნიფორმების შემოღება არ უნდა იყოს.
ვურჩევდი განათლების მინისტრს, რომ მივიდეს 207 საჯარო სკოლაში და შეიხედოს საპირფარეშოებში, მოიკითხოს, რამდენ სკოლაში არსებობს ბუფეტი და ზოგადად, კვებისთვის ინფრასტრუქტურა. გაერკვეს, რამდენი ბავშვი დადის მშიერი სკოლებში და უმნიშვნელოვანესი ამბავი იქნებოდა, კვების საკითხის დაყენება დღეს და არა ფორმების. ასევე, კარგად მოიკითხოს, რამდენი სკოლაა დანგრეული და დაკეტილი წლობით. და, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გივი მიქანაძე გვემუქრება და გვეუბნება, რომ აუცილებლად ჩვენს შვილებს უნდა ჩავაცვათ ხელოვნური ფორმები და თანაც, ვიყიდოთ გაცილებით ძვირად, ვიდრე არის ამ ფორმების ღირებულება, – ამბობს “ლელოს” წევრი ქეთევან თურაზაშვილი.
