სააკაშვილი არ გვეყო დავით აღმაშენებელს რომ ადარებდა თავს?! ახლა კობახიძეს ერეკლე მეორე გონია საკუთარი თავი?! – ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს „გეორგიევსკის ტრაქტატსა“ და ერეკლე მეორის შესახებ.
მისივე თქმით, სუვერენიტეტის დაცვა და სახელმწიფოებრიობის გამტკიცება იზოლაციას არ ნიშნავს.
„ძალიან დიდი ბოდიში, ნუ მკრეხელობს ბატონი კობახიძე. საკუთარ თავს ერეკლე მეფეს ადარებს? სააკაშვილი არ გვეყო დავით აღმაშენებელს რომ ადარებდა თავს?! ახლა კობახიძეს ერეკლე მეორე გონია საკუთარი თავი? ძალიან დიდი ბოდიში, საქმეს მიხედოს.
ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და სახელმწიფოებრიობის გამტკიცება იზოლაციას კი არ ნიშნავს, ევროკავშირსა და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობაზე უარს ხომ არ ნიშნავს? ეს ნიშნავს, იმას, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანა უნდა იყოს, ამავე დროს ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არ აპირებს განახორციელოს ქართველი ხალხის დაკვეთა, რაც არის ტრადიციებით და სუვერენიტეტით შესვლა ევროპულ ოჯახში. ეს არის ის მოღალატეობრივი საქციელი, რასაც დღევანდელი „ოცნება“ ჩადის სამწუხაროდ“,- აღნიშნა შარაშიძემ.
ინფორმაციისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ერეკლე მეორის არჩევანი ცივილიზაციური იყო, ის, რომ „დღეს საქართველო ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა და ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული არიან“.
„დღეს ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული ვართ – ჩვენ გვინდა ტრადიციული ცივილიზაციური სამყაროს ნაწილი ვიყოთ. მათ შორის ევროკავშირთან სწრაფვა ამას ეფუძნება. ეს არის ჩვენი არჩევანი და როდესაც ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამბიცია გვაქვს, ესეც იმ ბრძნული გადაწყვეტილების დამსახურებაა, რომელიც თავის დროზე ჩვენმა დიდმა მეფემ მიიღო“,- აღნიშნა პრემიერმა.
