შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალური ქსელების მეშვეობით დაინტერესებულ მოქალაქეებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას სთავაზობდა. აღნიშნული საბაბით, ბრალდებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან ერთად, ათობით მოქალაქესთან მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა.
ჯგუფის წევრები, დაზარალებულებს ჰპირდებოდნენ, რომ მათთვის მისაღებ ფასად აუშენებდნენ საცხოვრებელ სახლებსა და კოტეჯებს, ასევე უზრუნველყოფდნენ საჭირო ნებართვებისა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას. აღნიშნული საბაბით ბრალდებულებმა, პირადი და იურიდიული პირის ანგარიშებზე, დაზარალებულებს პირველ ეტაპზე 355 000 ლარი ჩაარიცხინეს. თუმცა შეთანხმება არ შეასრულეს, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მათთან კომუნიკაცია შეწყვიტეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
