არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ. ჩვენი მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი ამ კანონის ფარგლებში ხდება – ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოვახერხოთ აფხაზებთან თანაცხოვრება, – ამის შესახებ კახა კალაძემ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენი მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი დაკავშირებულია ზოგადად მომავალთან. ყოველთვის, მტრულ და არასახელმწიფოებრივ მესიჯებს ვისმენთ ოპოზიციის მხრიდან. ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს გაიხსენეთ, უბრალოდ განცხადების დონეზე იქნა მიმართვა გაკეთებული და მაშინ რა განცხადებები მოჰყვა. ეს ადამიანები თავისი ქმედებებით ყველაფერს გააკეთებენ და შეეცდებიან ხელი შეუშალონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რადგან არიან უსამშობლოები. საქართველო მათთვის არის უბრალოდ ტერიტორია. იმართებიან გარედან და წარმოადგენენ აგენტურას, შესაბამისად, რასაც ავალებენ, ეუბნებიან და მოსთხოვენ, იმას აკეთებენ. ჩვენ ყოველთვის გადავდგამთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის აუცილებელ ნაბიჯებს.
არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ. ჩვენი მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი ამ კანონის ფარგლებში ხდება. ხალხთა შორის ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოვახერხოთ აფხაზებთან თანაცხოვრება. რაც შეეხება სამედიცინო დახმარება იქნება ეს, საწვავით ხელშეწყობა ან სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ყოველთვის ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე „უბრალოდ დამთხვევაა არის თუ არა, რომ საკრებულოს წევრი, ლევან არველაძის ძმაა საწვავის აფხაზეთში გამტანი ბიზნესმენი?“ კალაძე პასუხობს, რომ „კი, დამთხვევაა“.
„არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება, რაც დაკავშირებულია აღნიშნულ საკითხთან, არსებული კანონის ფარგლებში ხდება. ქვეყანაში დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. 2012 წლამდე ამ მხრივ რაც ხდებოდა – ბიზნესზე შეტევა, ტერორი, წართმევა, ოჯახების გაუბედურება, წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად, მთავარია, ბიზნესსექტორის გადაწყვეტილებები, მათი ქმედებები, გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში. აბსოლუტურად ყველა თავისუფალია“, – განაცხადა კალაძემ.
