“რეალური მიზეზი ჩემი დაპატიმრებისა არის ჩემი კრიტიკული საავტორო გადაცემები ტვ „ობიექტივზე“ და კიდევ უფრო მეტად, ჩემს მიერ წარმოებული ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლა. ვგულისხმობ ბრძოლას მახინჯ მოვლენასთან, რომელსაც რუსოფობია ჰქვია და რომლის გამოვლინებები საქართველოში აზიანებს საქართველოს ინტერესებს, თორემ რუსეთს არაფერი აკლდება.
კარგია, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, ჩემი დაპატიმრების შემდეგ მაინც გამოიბერტყა ყური და აღიარა რუსოფობიის გამოვლინებები საქართველოში გარკვეული პროვოკაციული ძალების მხრიდან. მიღწევაა უკვე ის, რომ პრემიერის, პრეზიდენტის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ლექსიკაში გაჩნდა სიტყვა “რუსოფობია”.
სწორედ ამ ძალებს ვებრძოდი გამალებით, ოღონდ კანონიერად, მშვიდობიანად. “ოცნებას” 2013-14 წლებიდან ვაფრთხილებდი, აელაგმა რუს ტურისტებზე თავდასხმები, ქუჩებში რუსი ერის შეურაცხმყოფელი წარწერები, მასმედიაში გაჩაღებული რუსთმოძულეობის კამპანია…
ახლა, ჩემი დაჭერის მერე, არ ვიცი, ამ ფაქტმაც დააჩქარა თუ არა, მაგრამ რუსეთიდან წამოვიდა ვიდეორგოლების ნიაღვარი, რომლებშიც საქართველოში არსებულ რუსოფობიაზეა საუბარი. ჩვენი ხელისუფლება შეშფოთებულია ამ კამპანიით, ვინაიდან ეშინია რუსეთიდან მომდინარე ტურისტების რაოდენობის ანუ რუსეთიდან მომდინარე დიდძალი ფულადი ნაკადების შემცირების.
მართებული შეშფოთებაა, მაგრამ პრობლემა უმისამართო განცხადებებითა და ხელოვნურად გაღიმებული, რუსულად ალაპარაკებული თბილისის მერის საშუალებით ვერ მოგვარდება. გვახსოვდეს, რომ რუსი ტურისტიც ადამიანია, თუნდაც მეტი მოთმინების მქონე, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ასევე პიროვნული და ეროვნული ღირსების მქონე ადამიანი. შესაბამისად, საჭიროა რუსოფობიასთან სისტემური ბრძოლა და არა ჩემნაირი ადამიანების შეწირვა პოლიტიკური კონიუნქტურის სასარგებლოდ“ – წერს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პრორუსი გულბაათ რცხილაძე ციხიდან გავრცელებულ წერილში.
