გურია-იმერეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე კვლავ პრობლემებია – ე.წ. საჯავახოს უღელტეხილზე დაზიანებული ხიდის შეკეთება ამ დრომდე არ დაწყებულა.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რეაბილიტაციის დასრულებას ჯერ კიდევ გაზაფხულზე აანონსებდა, თუმცა, ამ დრომდე გზა ისევ ავარიულია.
უფრო მეტიც, ხიდს ბზარები ეტყობა, თუმცა ვერავინ ამბობს, როგორ უნდა გაკეთდეს. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხიდი უსაფრთხოა, თან იქვე დასძენს, რომ დასკვნას ელოდებიან და შემდგედ დაიწყებენ სამუშაოებს.
“არ უნდა დაგხვედროდათ დაგებული, მოვყვებით იქიდან და იგება ჩვეულებრივად. საფრთხეს ეს ხიდი არ წარმოადგენს, ველოდებით, არის მაგის გელოგიური დასკვნა, ყველაფერი, განხილვაშია ყველაფერი, ეს ბზარები არ არის, უბრალოდ ადრინდელი ნაშენებია, და მაგიტომ არის, რაც შეეხება ხის ხიმინჯებს, მაგი ხარაჩოებია უბრალოდ და როცა მორჩება და ნებართვას მოგვცემენ, დავიწყებთ გამოლესვას. ადრეც გითხარი, რომ ხდის ჯერ დაგება დააგვიანდებათქო. ვინ რა თქვა, არ ვიცი, მე ვიცი, რა ხდება ობიექტზე,”- ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე მუშაობს.
ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 4 წლის განმავლობაში ცენტრალური გზის მშენებლობა იმიტომ ვერ დასრულდა, რომ მილიონებია გაფლანგული.
“4 წელია სახელმწიფო ცენტრალური მნიშვნელობის გზის მშენებლობა მიმდინარეობს, გაფლაგულია მილიონები, ადგილზე კვლავ არის დაუსრულებელი სამუშაოები და როგორც ახალი მინისტრი ამბობს, ძველ მინისტრს აბრალებს ა პრემიერის თვალწინ თავს იწონებს, რომ ცოცხალი თავით არ ჩაიბარებს დაუსრულებელ და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ადამიანები გადაადგილდებიან სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ხიდზე,” – ამბობს თათა ნიკოლაშვილი.
