ხარაგაულში მეზობლები პანაშვიდზე არ მივიდნენ, რადგან გარდაცვლილის ქვრივი დაკრძალვისთვის იტალიიდან ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews ავრცელებს.
ქალი ოთხი დღის წინ დაბრუნდა და თვითიზოლაციის წესი დაარღვია. ის ამ დრომდე სოფელში იმყოფება. მოსახლეობის თქმით, ქალს ქმარი გარდაეცვალა და იტალიიდან ამის გამო დაბრუნდა. თუმცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე პანაშვიდზე მეზობლები არ მივიდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ შეშინებულები არიან, რის გამოც ქალის ერთ-ერთმა მეზობელმა სოფელი უკვე დატოვა.
სოფელ ხუნევში ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს სამართალდამცველებთან ერთად ელოდებიან. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ქალის კარანტინში გადაყვანა იგეგმება.
12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.