ასტრონომებმა აღმოაჩინეს უჩვეულო კოსმოსური ობიექტი, რომელიც თანამედროვე კლასიფიკაციებს არ ერგება – ის არც პლანეტაა და არც მთვარე. ობიექტი, რომელსაც CD-35 2722-ის სისტემაში მიაკვლიეს, დაახლოებით იუპიტერის მასისაა და ყავისფერი ჯუჯის გარშემო ბრუნავს.
ასეთი რთული იერარქიული სისტემა პირველად დაფიქსირდა და მეცნიერებმა მას „ეგზოსატელიტი“ უწოდეს, რადგან არსებული ტერმინები მის აღსაწერად საკმარისი აღარ აღმოჩნდა.
“ეს ეგზომთვარე არ არის და არც ეგზოპლანეტაა. ამ სისტემის სტრუქტურა იმდენად განსხვავებულია მზის სისტემისგან, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ძველი სახელები აღარ მუშაობს“, — ამბობს ასტრონომი კევინ ჰოი.
მკვლევრები ყავისფერ ჯუჯას 2023 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის თებერვლამდე აკვირდებოდნენ. სწორედ ამ პერიოდში შენიშნეს სინათლის პერიოდული ცვლილებები, რაც მიუთითებდა, რომ ჯუჯის გარშემო სხვა მასიური ობიექტი მოძრაობდა.
საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის არსებული წესების მიხედვით, ახალი ობიექტი შესაძლოა ეგზოპლანეტად ჩაითვალოს. ასტრონომების თქმით, ბუნება ყოველთვის არ ემორჩილება ადამიანების მიერ შექმნილ კატეგორიებს. ახალი აღმოჩენები კი აჩვენებს, რომ შესაძლოა სამყაროში არსებობდეს უამრავი უცნობი ტიპის ციური სხეული, რომელთა აღსაწერად ახალი სახელებიც დაგვჭირდება.
