საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ოთარ შამუგიამ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მაისში წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ შამუგია წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე იყო დასაქმებული.
ამასთან, 2022-2024 წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებდა, უკვე 2025 წლის თებერვლიდან სებ-ის საბჭოს წევრია, ამ პოზიციაზე მას უფლებამოსილება 2032 წლის თებერვლამდე აქვს.
ოთარ შამუგიას მიერ შევსებული დოკუმენტის მიხედვით, მის სახელზეა რეგისტრირებული 129 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2024 წელს გაცვლით აქვს მიღებული, უძრავ ქონებაში კი 75 000 აშშ დოლარია გადახდილი (სავარაუდოდ, თანხა დამატებულია გაცვლისას).
ამას გარდა მისი მეუღლის სახელზეა: 27 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2016 წელს ჩუქებით აქვს მიღებული, 14.85 კვ.მ. ფართობის ავტოფარეხი, რომელიც 2023 წელს 5 000 დოლარად აქვს შეძენილი.
ოთარ შამუგიას მეუღლის საკუთრებაშია ასევე ავტომანქანა ლექსუსი (გამოშვების წელი 2021), რომელიც 2025 წელს 26 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ოთარ შამუგიას სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 9 044 ლარი; მის მეუღლეს კი 23 594 ლარი და 10 000 დოლარი ჰქონდა.
გარდა ამისა, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, ოთარ შამუგიას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოსტზე, გასული წლის 9 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, შემოსავლის სახით მიღებული აქვს 145 201 ლარი; ხოლო მის მეუღლეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოსტზე, გასულ წელს 31 345 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
ამასთან დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ოთარ შამუგიას გასულ წელს მოგზაურობაში დახარჯული აქვს 13 550 ლარი. ქონების გადასახადის სახით კი 5 000 ლარი გადაიხადა. ამასთან, მის მეუღლეს ძმისთვის საჩუქრად აქვს გადაცემული 8 ათასი ლარი.
