ვახო სანაიას აბსოლუტურად გაცნობიერებული ჰქონდა რას აკეთებდა, რატომ აკეთებდა და რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს მისთვის, მათ შორის ციხეც, თუმცა, თუ ვინმესთვის არ აქვს მნიშვნელობა ციხეში ჩაჯდომას და იქ ორი კვირის გატარებას, ეს ვახოა, რადგან იცის, რისთვის იბრძვის, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ეკა კვესიტაძემ ვახო სანაიას სახლთან განაცხადა, რითაც ჟურნალისტის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ვახო სანაიას დაკავება ჟურნალისტების მიმართ დაშინების კიდევ ერთი ახალი კამპანიაა.
“ეს არის ჟურნალისტების დაშინების კიდევ ერთი ახალი კამპანია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის, პირველ რიგში, ვახოს წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან ვახო ყველას დაუმორჩილებლობის მაგალითს უჩვენებდა. მას აბსოლუტურად გაცნობიერებული ჰქონდა, რას აკეთებდა, რატომ აკეთებდა და რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს მისთვის, მათ შორის ციხეც, თუმცა, თუ ვინმესთვის არ აქვს მნიშვნელობა ციხეში ჩაჯდომას და იქ ორი კვირის გატარებას, ეს ვახოა, რადგან იცის, რისთვის იბრძვის. გაცნობიერებული აქვს, რომ დაუმორჩილებლობა დღეს ამ საშინელი, დიქტატორული, პარანოიდული რეჟიმის და პირადად ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მეთოდია.
ჩემი ღრმა რწმენით, ივანიშვილმა ეს აბსურდული კანონი თავის მსახურებს იმიტომ შემოაღებინა, რადგან ეშინია, რომ სოციალურ ქსელებში არ აგინონ და არ წყევლონ. წყევლაზეც კი დაჯარიმებულია ადამიანი და შეიძლება ვიხილოთ ვინმე, ვისაც წყევლის გამო დაიჭერენ, რადგან მას პარანოიდულად ეშინია წყევლის. ვერ აცნობიერებს, რომ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ გატეხს.
ვახო ამის საუკეთესო მაგალითია – რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელთან და სხვა ჟურნალისტებთან ერთად, რომლებიც ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ და პირად მაგალითს მისცემენ საზოგადოებას. ამიტომ, ეს არ იყო სტატუსი სტატუსის გამო – ეს იყო დაუმორჩილებლობის აქტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დაუმორჩილებლობა ჩვენი გზებითა და მეთოდებით გავაგრძელოთ და კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ”, – განაცხადა ეკა კვესიტაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
